თამარ ლალიაშვილის მტკიცებით, 20 წლის წინზვიად ძიძიგურის სიკვდილით დასჯა არ მოუთხოვია

თამარ ლალიაშვილის მტკიცებით, 20 წლის წინზვიად ძიძიგურის სიკვდილით დასჯა არ მოუთხოვია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ თამარ ლალიაშვილის მტკიცებით, მას 20 წლის წინ დეპუტატ ზვიად ძიძიგურის სიკვდილით დასჯა არ მოუთხოვია.

ლალიაშვილი ეხმაურება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 1996 წელს გამართულ პროცესზე ის ძიძიგურის საქმის ბრალმდებელი იყო.

”1996 წელს გაიმართა ლოთი ქობალიას პროცესი. მას ძალიან მძიმე ბრალდებები ჰქონდა წარდგენილი და მათ შორის ბრალდებულის სახით იყო ზვიად ძიძიგური. პარალელურად ამ საქმეში მე და პროკურორი ვალერიან წერეთელი ვმონაწილეობდით. საქმის მიმდინარეობისას ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამოირკვა, მაშინ სასჯელის სახით გათვალისწინებული იყო სიკვდილით დასჯა, მე მაშინაც და დღესაც კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამ სასჯელის. როცა დადგა საკითხი შესაბამისი მტკიცებულებების გამოკვლევის, ამ სასჯელების პროკურორის მიერ მოთხოვნის თაობაზე, მე მაშინ მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს განვუცხადე უარი, რომ ამ სასჯელს არ მოვითხოვდი, რის გამოც გამათავისუფლეს და ამ საქმეზე პროკურორი აღარ ვიყავი”, - განაცხადა ლალიაშვილმა.

"კონსერვატიული პარტიის" წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი თამარ ლალიაშვილი 20 წლის წინ მისი დაკავების საქმეზე ბრალმდებელი იყო.

"ჩემი მბრალმდებელი იყო ქალბატონი ლალიაშვილი. ეს იყო 1995 წელს, 20 წლის წინ. არავითარი ბოღმა არ მაქვს გულში ამის გამო, ეს შემიძლია პირდაპირ გითხრათ. ხოლო მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს თუ არა უმრავლესობა, მას შემდეგ გახდება თქვენთვის ცნობილი, რაც ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება",- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 3 ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტმა პარლამენტს დასამტკიცებლად ანა დოლიძის, ნონა თოდუასა და თამარ ლალიაშვილის კანდიდატურები წარუდგინა.