მიხეილ სააკაშვილმა ძალიან სწორი პოლიტიკური დიაგნოზი დასვა, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე, - ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე, გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას.
ბარამიძის თქმით, ივანიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ორ მეთოდს – შანტაჟსა და მატერიალურ დაინტერესებას იყენებს.
„ნათელია, რომ ივანიშვილი ცდილობს როგორც მინიმუმ, ორი მეთოდი გამოიყენოს „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ერთი არის დაჭერები, დაპატიმრებები, შანტაჟი, შავი პიარი კონკრეტული ადამიანების გასანადგურებლად და მეორე მატერიალური დაინტერესება მათი ახლობლების, მეგობრების, მეუღლეების და პირადად მათთვის. ყველასთვის ცნობილია, რომ ივანიშვილი ამ მეთოდს იყენებდა და იყენებს. ჩვენ ძალიან ვწუხვართ თითოეული ჩვენი წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასვლის გამო, მით უმეტეს, ამ მოტივებიდან გამომდინარე, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან დიდია, მდიდარია ბევრი ლიდერით და ახალი ლიდერებიც გამოჩნდებიან ამ არჩევნებზე“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 8 ოქტომბრის არჩევნებზე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.