ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველ ათეულში მოიაზრებიან, უკვე დიდი ხანია ამ პარტიასთან ასოცირდებიან, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველ ათეულთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
აღნიშნულ კონტექსტში, კვაჭანტირაძე განმარტავს, რომ ”ნაციონალების” სავარაუდო სიაში ახალ სახეებს ვერ ხედავს.
„ის პიროვნებები, რომლებიც დასახელდნენ, არ არიან ახალი სახეები. რომელი ერთი არ იყო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული?! როგორ შეიძლება თქმა, რომ გიორგი ქადაგიძე იყო აპოლიტიკური და არ იყო ”ნაციონალურ მოძრაობასთან” გადაჯაჭვული, ან რომელიმე მათგანი, ვინც დასახელდა? ერთი იყო ცნობილი პიროვნებების ადვოკატი, მეორე კიდევ ”ნაციონალების” აპოლოგეტი. ასე რომ, ჩემთვის ახალი სახე არც ერთი არ არის,“, - აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.
გაზეთ ”რეზონანსის” ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ათეული ასეთი იქნება: 1 - დავით ბაქრაძე; 2 - რომან გოცირიძე; 3 - გიორგი ქადაგიძე; 4 - ელენე ხოშტარია; 5 - სალომე სამადაშვილი; 6 - გიორგი კანდელაკი; 7 - ზაზა ბიბილაშვილი; 8 - ნიკა მელია; 9 - ირაკლი აბესაძე; 10 - ოთარ კახიძე.