ირაკლი ოქრუაშვილი და ”ქართული ოცნება” სინქრონულად მოქმედებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გორის საკრებულოში განუცხადა.
ალასანია საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მისი პარტიის წარმომადგენლის, თამარ თედლიაშვილის მხარდასაჭერად მივიდა, რომლის იმპიჩმენტის საკითხსაც დეპუტატები დღეს განიხილავდნენ.
”მოვედი თამარ თედლიაშვილის მხარდასაჭერად, რომლის იმპიჩმენტსაც აპირებენ. ირაკლი ოქრუაშვილი და ”ქართული ოცნება” დღეს სინქრონულად მოქმედებენ. ამის მიუხედავად, ჩვენ არჩევნებში დავამტკიცებთ, რომ ”თავისუფალ დემოკრატებს” საკმაოდ დიდი მხარდაჭერა აქვს”, - განაცხადა ალასანიამ.
გორის საკრებულო „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, თამარ თედლიაშვილის იმპიჩმენტის საკითხს დღეს აღარ განიხილავს.თავად „თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარემ შეუძლოდ ყოფნა დაასახელა.
„საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც სხდომა დროზე ადრე შეწყვიტა“, - აცხადებენ პარტიაში.