ვიქტორ დოლიძე:  მოვუწოდებთ მთავარ პროკურორს, სასამართლოზე ზეწოლა შეწყვიტოს

ვიქტორ დოლიძე: მოვუწოდებთ მთავარ პროკურორს, სასამართლოზე ზეწოლა შეწყვიტოს

”თავისუფალი დემოკრატები” მთავარ პროკურორს მოუწოდებენ, სასამართლოზე ზეწოლა შეწყვიტოს. ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

დოლიძე მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონკრეტულად ამ საქმეზე პროკურატურას არავითარი უტყუარი მტკიცებულება არ გააჩნია.

"მინდა ვუთხრა პირადად ირაკლი შოთაძეს და მათ, ვინც უშუალოდ ამ საქმეშია ჩართული - ზეწოლა, რომელსაც იგი ამ შემთხვევაში საკუთარი განცხადებით ახორციელებს სასამართლოზე, პირადად მას არაფერს მოუტანს. არანაირი უტყუარი მტკიცებულებები პროკურატურას არ გააჩნია. ვიცით, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი, რომელიც პროკურატურამ გადადგა. ეს მთელმა საქართველომ იცის და მიუხედავად იმისა, რომ მთავარი პროკურორი ამგვარ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, იმედია, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ე.წ. კაბელების საქმეზე, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგება. დასკვნითი სიტყვის შემდეგ მხარეებს განცხადებების გაკეთების საშუალება ექნებათ, ხოლო შემდეგ უკვე ბრალდებულები იტყვიან საბოლოო სიტყვას. ამის მერე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა.