ილია მეორე:  საქართველოს არაფრის არ უნდა ეშინოდეს

ილია მეორე: საქართველოს არაფრის არ უნდა ეშინოდეს

საქართველოს არ უნდა ეშინოდეს არაფრის, საქართველო გადარჩება და ბედნიერი იქნება, - ამის შსხებ დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართული წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას ბრძანა.

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. უწმინდესმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა, დღევანდელი დღე მიულოცა და წმინდა გიორგის ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

უწმინდესის თქმით, წმინდა გიორგის ცხოვრება არის საოცრება. მისივე განცხადებით, წმინდა გიორგი ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა, იგი ძალიან უყვარდა დიოკლიტიანეს, რომლის მხედართმთავარი იყო, თუმცა ქრისტესადმი ერთგულების გამო შემდეგ წმინდა გიორგის მიმართ სიყვარული დიოკლიტიანეს სიძულვილად გადაექცა.

პატრიარქის თქმით, ნაწამებ წმინდა გიორგის საკანში უფლის ხმა მოესმა - „ნუ გეშინია, გიორგი, მე შენთან ვარ“.

„წმინდა გიორგი არის სიმბოლო საქართველოსი. საქართველოს არ უნდა ეშინოდეს არაფრის, საქართველო გადარჩება და ბედნიერი იქნება, რადგან წმინდა გიორგის მეშვეობით ღმერთი იფარავს საქართველოს“, - განაცხადა უწმინდესმა ქადაგებისას.

პატრიარქმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ კვირაცხოვლობას სამების ტაძარში გაიმართება საყოველთაო ნათლობა, სადაც პატრიარქის ნათლული კიდევ 800-მდე ბავშვი გახდება.