ვადიან თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო

ვადიან თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო

ვადიან თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა რიცხვმა საგრძნობლად იკლო. ეს მიანიშნებს იმაზე რომ კოდექსმა გაამართლა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ UNICEF-ის და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურის კონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კონფერენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემატიკას შეეხებოდა. პრონფერენციაზე წარდგენილი იყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში პროკურატურის მუშაობის შედეგები, არასრულწლოვანთა დანაშაულის გამომწვევი მიზეზების ამსახველი ანალიზი, სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების პრაქტიკა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში მოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არასრულწლოვანთა კოდექსმა პრაქტიკაში გაამართლა.

”მე თან მაქვს სტატისტიკა, რომლითაც მსჯავრდებულთა რიცხვი მინიმუმამდეა დაყვანილი. ხშირია ალტერნატიული ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა როგორც პროკურატურის მხრიდან, ასევე სასამართლოს აქვს შესაძლებლობა დაუბრუნოს პროკურატურას განრიდების ღონისძიებების გამოყენებისათვის საქმე. ამ მხრივ საამაყოა, რომ ვადიან თავისუფლებააღკვეთილ მსჯავრდებულთა რიცხვმა ზოგადად საგრძნობლად იკლო. ეს მიანიშნებს იმაზე რომ კოდექსმა გაამართლა”, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

როგორც საქართველოს მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

”ჩვენი პრეზენტაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ამოქმედებას ეხება - თუ როიგორ მუშაობს ახალი კოდექსი და რა გამოწვევების წინაშეა პროკურატურა. ძირითადი მიმართულება არის სისხლის სამართლებრივი დევნის ალტერნატიული ღონისძიებების გამოუყენებლობის პრაქტიკაში დანერგვა, რათა უფრო მეტი არასრულწლოვანი ავარიდოთ მომავალში დანაშაულის ჩადენას”, -განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მიმდინარე წლის იანვარში ამოქმედდა.