„ქალაქის ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება“

„ქალაქის ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება“

„ჩვენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წესდება დროებითი შეზღუდვა საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევცვალოთ  წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა - თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოტური განაშენიანება, ისედაც მჭიდრო დასახლებებში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქის ქაოტური განაშენიანებისა და დაურეგულირებელი მშენებლობების წინააღმდეგ მერია კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.

ცვლილებები თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შევა და დოკუმენტი, თბილისის მერის განცხადებით, საკრებულოს დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება.

საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებამდე შეიზღუდება, გენ. გეგმის საბოლოო ვარიანტში კი, დავით ნარმანიას განცხადებით, დადგინდება ქალაქის განაშენიანების ცივილური წესები, რაც დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოტური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს.

რაც შეეხება სხვა უბნებს, დროებითი შეზღუდვა მათ არ შეეხება, რათა გარეუბნებს  განვითარების საშუალება მიეცეს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თბილისის გამწვანებაა და ამ მიმართულებითაც ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, კერძოდ, იმ გამწვანებულ ტერიტორიებზე (სკვერები, ბაღები), რომლებიც  საცხოვრებელ ზონებში ხვდება, განაშენიანება შეიზღუდება. ასევე, კონკრეტული უბნების განვითარებისას, შემუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმები (გრგ), რაც იქნება  კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება თბილისში ქაოტური მშენებლობების განხორციელების წინააღმდეგ.