პროკურატურა ეჭვებზე არ საუბრობს და მისი განცხადება დაფუძნებულია მტკიცებულებებზე

პროკურატურა ეჭვებზე არ საუბრობს და მისი განცხადება დაფუძნებულია მტკიცებულებებზე

რადგან პროკურატურა აკეთებს განცხადებას, რომ დაიწყო დევნა კონკრეტული პირების მიმართ, ე.ი. ამის საფუძველი აქვს, - ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის ადვოკატი მალხაზ სალაყაია აცხადებს.

როგორც სალაყაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პროკურატურა ეჭვებზე არ საუბრობს და უწყების მიერ გაკეთებული განცხადება დაფუძნებულია მტკიცებულებებზე.

”რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას ბესარიონ ხარძიანის მიმართ განხორციელებულ იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც არაადამიანურ მოპყრობას და წამებას ეხება - ჯერ კიდევ ბესარიონ ხარძიანის სიცოცხლეში იყო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრული და გარკვეულწილად მაშინ დადგინდა პირთა ის წრე, რომლებიც შეიძლებოდა სავარაუდოდ ყოფილიყვნენ აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირები”, - განაცხადა სალაყაიამ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, ყოფილი თანამდებობის პირის, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-2 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.