გია უდესიანის და, ნატო უდესიანი აცხადებს, რომ მისი ძმის წინააღმდეგ, ცილისმწამებლური კამპანია წლების მანძილზე მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება.
"პირWელს" ნატო უდესიანმა განუცხადა, რომ მის ძმას, ცილისმწამებრულ ბრალდებებზე უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულება გააჩნია.
"კუს ტბის წილებთან დაკავშირებულ ყიდვა-გაყიდვაში, ჩემი ძმა საერთოდ არაფერ შუაში იყო, ამაში უცხოური ფირმა იყო ჩართული. საზოგადოებამ ნახა ვიდეოფირები, რომელშიც ბესო ხარძიანის ოჯახის წევრები არაერთხელ იყვნენ მისული გია უდესიანთან და მას თხოვდნენ დახმარებას. როდესაც ეს ფირები შემოვიდა, ვიღაცას არ აწყობდა, რომ ბესიკ ხარძიანი და გია უდესიანი მორიგებოდნენ. მე მრცხვენია, რომ ჩვენ ასეთი უსუსური პროკურატურა გვყავს, რომელიც ასეთ საქმეებზე მიდის. ჩვენ კანონით მონიჭებულ ყველა უფლებას გამოვიყენებთ და სიმართლის დასამტკიცებლად ვიბრძოლებთ. ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ. პროკურატურას რა თქმა უნდა, უნდობლობას ვუცხადებთ. სამწუხაროდ, გიასნაირი ადამიანების ბედი უკვე გადაწყვეტილი აქვთ",- განაცხადა ნატო უდესიანმა.
ნატო უდესიანის ინფორმაციით, პროკურატურის მასალებს ადვოკატი უახლოეს დღეებში გაეცნობა და შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ კუს ტბის წილების იძულებით დათმობის მიზნით, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტზე, ყოფილი თანამდებობის პირის, გიორგი უდესიანისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-2 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში განცხადება დღეს გაკეთდა.