ბოტანიკურ ბაღთან და 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერი დავით ნარმანია როგორც ეკონომისტი რაიმე პრობლემას ვერ ხედავს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
თბილისის მერმა კომენტარი გააკეთა ბოტანიკური ბაღთან და შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელ გზასთან არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით. კითხვაზე, თუ რას ემსახურება მერიის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები, ნარმანიამ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს ეკონომიკური და ტურისტული თვალსაზრისით აღნიშნული ტერიტორიების კიდევ უფრო განვითარებას.
"აღნიშნული ქმედებების შედეგად თბილისის ბოტანიკურმა ბაღმა ნახა დამატებითი სარგებელი, რადგან გაცილებით უკეთესი ტერიტორია მიიღო, ვიდრე მის საკუთრებაში იყო. ეს ძალიან მარტივად გაკეთდა წითელი ხაზების კორექტირების ინსტრუმენტის გამოყენებით, კანონმდებლობის სრული დაცვით. ასევე ინვესტორს მიეცა შესაძლებლობა განახორციელოს პროექტი, რომლითაც პირველ რიგში სარგებელს დედაქალაქი ნახავს. გაჩნდება დამატებითი ახალი ობიექტი, დამატებითი ადგილი ტურისტებისთვის და ეს ტერიტორია რეკრეაციული თვალსაზრისითაც განვითარდება, რადგან გამწვანების კომპონენტსაც ითვალისწინებს", - განაცხადა ნარმანიამ.
რაც შეეხება აღნიშნულ ტერიტორიებზე განხორციელებულ არამიზნობრივ ხარჯებს, რომელსაც ოპოზიცია მერიას ედავება, ნარმანიას თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით, საერთო ჯამში, სარგებელი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე გახარჯული თანხები.
"ასე რომ, როგორც ეკონომისტი, რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ", - აღნიშნა ნარმანიამ.