”ნაციონალურ მოძრაობაში” მამათა და შვილთა პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს

”ნაციონალურ მოძრაობაში” მამათა და შვილთა პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს

”ნაციონალურ მოძრაობაში” მამათა და შვილთა პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ექსპეტრმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, თუ პარტია პოლიტიკას არ შეცვლის და ექნება ტენდენცია, რომ პარტიული ძალაუფლება უნდა იყოს იგივე ძველი პოლიტიკოსების ხელში, ძველებისა და ახლების დაპირისპირება იქნება და დამარცხებული პარტიას დატოვებს.

”თუ არ ვცდები ”ნაციონალებისგან” იმ ვერსიამაც გაიჟღერა, რომ ვაშაძემ ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვა, რადგან სიაში მისთვის სასურველი ადგილი ვერ მიიღო. მე მგონია, რომ ეს ვერსია სწორია, თუმცა არ ვთვლი, რომ გადაწყვეტილება სწორია, ვინაიდან ვაშაძე ძალიან აქტიური ადამიანია. ეს იქნება ”ნაციონალური მოძრაობის” ხარვეზი, თუ მისი აქტიურობა არ დააფასა. საერთოდ, ვაშაძის მიმართ, ”ნაციონალებმა” ხშირად გამოავლინეს მისი ჩაწყნარების და გვერდზე გაწევის ტენდენცია. ალბათ, ამ სიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს ტენდენცია. მე ვფიქრობ, ვაშაძემ გადაწყვიტა ეს აღარ მოეთმინა. შეგახსენებთ, მერიის არჩევნებს, როცა მსგავსი სახის დაპირისპირება მოხდა. ”ნაციონალური მოძრაობა” იმის მაგივრად, რომ ხელს უწყობდეს ახალი სახეების წინ წამოწევას, პირიქით, ძველი სახეები ხელს უშლიან ახლებს ამოტივტივებაში. მამათა და შვილთა პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს და ამ პროცესში, ბუნებრივია, იქნება დაპირისპირებებიც”, - აღნიშნა საყვარელიძემ.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ანალოგიური ნაბიჯები გაგრძელდეს.

გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. როგორც ვაშაძემ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.