ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსვლის ფაქტს, ბიძინა ივანიშვილის "თამაშს" უწოდებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ.
"მიმაჩნია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი გასვლა, თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად ჩვენ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში.
ივანიშვილი დარწმუნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ვერც განადგურება და ვერც ჩამოშლა, ვერ შეძლო. ამიტომ, ის ფინანსური და სხვა ბერკეტების გამოყენებით, ცალკე აღებული პიროვნებების გამოყოფითა და მათთვის ახალ-ახალი მოძრაობების დაფინანსებით, მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნიველირებას ცდილობს.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრიკების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებამდე დარჩენილ დროში მხოლოდ გაძლიერდება. შესაბამისად, ივანიშვილსა და მის სატელიტებს დაამარცხებს.
ახლა "ნაციონალური მოძრაობის" ახალი და ძალიან საინტერესო ლიდერებით შევსებისა და გაძლიერების პროცესი მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს ძირფესვიანად განახლებული საპარლამენტო სიის განხილვა. შემდეგ კი ამის ჩვენი აქტივისტებისთვის, მხარდამჭერებისთვისა და მთლაინად საქართველოსთვის წარდგენა. მჯერა, რომ ამ ახალი ძალებით, განახლებული და გაძლიერებული სიით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს",- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ვაშაძემ პარტიიდან წამოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა. გიორგი ვაშაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების მიზეზად გიგა ბოკერიას, გოკა გაბაშვილის, მიხეილ მაჭავარიანისა და ხათუნა გოგორიშვილის დახურულ, კაბინეტურ მმართველობას ასახელებს.