"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ქორწინების საკითხით სპეკულირება არ უნდა ხდებოდეს.
დოლიძის თქმით, მორალურად, ისე სამართლებრივად მართალი იქნება, თუ იტყვის, რომ "თავისუფალ დემოკრატებს" მიაჩნიათ, რომ ქორწინება არის ქალსა და მამაკაცს შორის და ამ საკითხის არავითარი დემონიზირება არ უნდა მოხდეს და ევროპული ღირებულებების გამოყენება მავანთა მიერ.
"საქართველოს დღევანდელმა პარლამენტმა შეიძლება ბევრი რაღაც დავაშავეთ, რაღაც ვერ გავაკეთეთ, მაგრამ გავაკეთეთ ერთი ძალიან სერიოზული რამ, რომელსაც ჰქვია ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. ეს კანონი, მათ შორის ევროპულ, ასოცირებულ ქვეყნებშიც ვერ მიიღეს. ჩვენმა მეგობრებმა მათ შორის. მაგალითად მოლდოვამ საკანონმდებლო დონეზე ვერ აწია ეს კანონი, რადგან შიდა უთანხმოებები და პრობლემები ჰქონდათ. ჩვენც გვქონდა, მაგრამ ავიღეთ პასუხიმსგებლობა პარლამენტმა და გადავდგით ნაბიჯი", - განაცხადა დოლიძემ პარლამენტში ადამიანის დაცვის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე.
მისი თქმით, სექსუალური უმცირესობების დაცვა და მათ წინააღმდეგ ნებისმიერი ძალადობის გამოყენება რომ უნდა იყოს დაუშვებელი, ორი აზრი არ არის, მაგრამ მაგრამ თემის წამოწევა, რაც ახლა ხდება, აბსოლუტურად ხელოვნურია.
"ჩვენ არამხოლოდ მხარდამჭერები ვართ ამ კანონპროექტის, ინიციატორებიც ვართ, რათა ხაზი გაგვესვა ღირებულებების ამ აღრევასთან დაკავშირებით", - განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, 80 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილ საკონსტიტუციო ინიციატივას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ამ წუთებში განიხილავს. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: "ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება".
პროექტის ავტორი შემდეგი ფრაქციებია: "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება - კონსერვატორები", "ქართული ოცნება - მრეწველები", "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი"”. პროექტის ინიციატორი კი, 80 დეპუტატია, მათ შორის არიან ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები. იმის მიუხედავად, რომ "რესპუბლიკელები" ქორწინების თემაზე საკონსტიტუციო პროექტის ინიცირების პროცესს გაემიჯნენ, მათი ფრაქციიდან, პროექტს ორი დეპუტატი - ფრიდონ საყვარელიძე და მალხაზ წერეთელი აწერენ ხელს.