დიდი მოთხოვნაა ხალხში, რომ ეს ფონდი გარდაიქმნას პოლიტიკურ პარტიად, - ამის შესახებ ”საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”საქართველოს განვითარების ფონდიდან” აცნობეს, ფონდის დამფუძნებელი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მათივე ინფორმაციით, ბურჭულაძემ ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, ბაღდათსა და ვანში „საქართველოს განვითარების ფონდის“ ოფისები გახსნა. ფონდის დამფუძნებელმა და ორგანიზაციის წევრებმა ადგილობრივებთან შეხვედრებიც გამართეს. მათ შეკრებილ მოსახლეობას ფონდის სამომავლო მიზნები და გეგმები გააცნეს. ორგანიზაციის დამფუძნებელმა ადგილობრივების პრობლემებიც მოისმინა და საზოგადოებას ამ პრობლემების მოგვარებისთვის ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.
"კონკრეტულად მოუყევით ჩვენ თუ რას წარმოადგენს ჩვენი გუნდი, თუ რისთვის მიისწრაფის რა გეგმები აქვს, დიდი მოთხოვნაა ხალხში რომ ეს ფონდი გარდაიქმნას პოლიტიკურ პარტიად, მე ამაზე ჯერ ვერ უპასუხე მათ, მაგრამ ალბათ მაისის თვეში პასუხი გვექნება. მთავარია, რომ ხალხს მომავლის იმედი აქვს, გაუჩინეთ ყოველ შემთხვევაში დღეს და იმის იმედი აქვთ, რომ ჩვენ ერთად უკეთესობისკენ შევცვლით ცხოვრებას", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.