ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ვაშაძის წასვლა შიდა უთანხმოებას და სხვა ლიდერებთან მიზნების შეუთავსებლობას უკავშირდება.
ანალიტიკოსის თქმით, ვაშაძე ცდილობდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" ლიდერად ქცეულიყო, მაგრამ ვერ შედგა.
"ზოგადად, "ნაცმოძრაობას" ადამიანების მოდიფიცირება ისეთი სახით ახასიათებს, რაც მათთვის წამგებიანია. ამიტომ, ვაშაძე შემდგომ, იქცა პარტიის დემაგოგ სუბიექტად და მისი ფუნქცია "ყეფის" ფუნქცია იყო",- განაცხადა გამზარდიამ "პირველ პრესკლუბში".
მისი თქმით, ამ ეტაპზე, გიორგი ვაშაძეს როგორც პოლიტიკოსს და წინამძღოლს პერსპექტივები არ გააჩნია.
ამასთან, ანალიტიკოსი პოლიტიკოსს გარკვეული დროით პაუზის აღებას და კათარზისის გავლას ურჩევს.
"ამ წუთისთვის ვაშაძის, როგორც პოლიტიკოსის და წინამძღოლის პერსპექტივებს ვერ ვხედავ, შესაძლოა, ეს ხვალ გაჩნდეს, თუ ის საკუთარი თავის მოდიფიცირებას შეძლებს",- აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.
ცნობისთვის, დღეს გიორგი ვაშაძემ "ნაციონალური მოძრაობისგან" წამოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ახალ მოძრაობას შექმნას აპირებს.