შევარდნაძის თაობის პოლიტიკოსები პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ, - ამის შესახებ დეპუტატი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომელმაც დღეს “ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების თაობაზე გააკეთა განცხადება.
პარტიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისას, ვაშაძემ განმარტა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ კაბინეტური ანკლავის მმართველობის ხელშია და შორს არის იმ იდეალებისგან, რაც მას საწყის ეტაპზე ჰქონდა.
ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე რამდეჯერმე აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ დახურული კაბინეტური სისტემა ივანიშვილის მმართველობას უწყობს ხელს.
“ახალ მოძრაობას ძალიან ბევრ ახალგაზრდა ადამიანებთან ერთად ვქმნი. მთავარი მიზანი იქნება საქართველოში მართლაც გაჩნდეს ახალი პოლიტიკური კლასი. შევარდნაძის თაობის პოლიტიკოსები პოლიტიკიდან უნდა წავიდნენ. უნდა მოვიდნენ ადამიანები, ვისაც აქვს ინოვაციები, იდეები, შეუძლიათ სიახლეების განხორციელება, შეუძლიათ ბევრი საქმის კეთება, არ არიან დაბოღმილი და დაპირისპირებაზე ორიენტირებული - აი, ეს იქნება პრინციპი. ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ეს ორგანიზმი (”ნაციონალური მოძრაობა”) ყოფილიყო მუშა, მოქნილი, მაგრამ დღეს, 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ადამიანების კაბინეტური მმართველობის გამო ეს არის ორგანიზმი, რომელიც ხელს უწყობს ბიძინა ივანიშვილის არსებობას საქართველოში“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, როგორც მან განმარტა, ის იყო “ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში, მაგრამ უარს ამბობს “ფასადური განახლებით პარლამენტში შესვლასა და გარანტირებულ ადგილზე“.
“ჩემთვის ეს მარტივი გადასაწყვეტი არ იყო. ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე არ მჭირდება უბრალოდ პარლამენტის მანდატი და სკამი პარლამენტში. მინდა წარმატებული საქართველო და ამას აუცილებლად გავაკეთებ“, - აღნიშნა ვაშაძემ.