ათეულში ვერ მოხვედრის გამო განაწყენება და წასვლა უპასუხისმგებლო საქციელია

ათეულში ვერ მოხვედრის გამო განაწყენება და წასვლა უპასუხისმგებლო საქციელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის განცხადებით, გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის დატოვება მათთვის სრულიად მოულოდნელი იყო.

როგორც სერგო რატიანმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, პარტიის პოლიტსაბჭოზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა საპარლამენტო სიის ფორმირების პრინციპები, მათგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია განახლების პრინციპი.

„ამის გამო ფრაქციისა და პარტიის ლიდერთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მზადყოფნა გამოთქვა სიის სათავეში ადგილი დაუთმოს საზოგადოებისთვის ცნობილ ფიგურებს, რომელთა როლი გადამწყვეტი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლასა და გამრჯვების შემდგომ ქვეყნის ფორმირებაში. ამ ფონზე გიორგი ვაშაძის ან ნებისმიერის სურვილი, აუცილებლად წარმოდგენილი ყოფილიყო სიის ათეულში, არ იქნა გაზიარებული. ათეულში ვერ მოხვედრის გამო განაწყენება და წასვლა არასერიოზული და უპასუხისმგებლო საქციელია”, - განაცხადა სერგო რატიანმა.

მისივე თქმით, ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში ყველამ უნდა შეძლოს ამბიციების დაოკება.

„ვინც საკუთარი ამბიციების და მითუმეტეს, ათეულში ყოფნის გამო ასეთ გადაწყვეტილებას იღებს, ის ცდილობს ივანიშვილის წისქვილზე დაასხას წყალი. მაგრამ ეს ივანიშვილს ვერ უშველის, ჩვენ მას ქართველ ხალხთან ერთად ოქტომბრის არჩევნებში დავამარცხებთ“, - განაცხადა რატიანმა.