პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე ფიქრობს, რომ კარგი იქნება, თუ ქორწინების საკითხთან დაკავშირებული კანონპროექტზე რეფერენდუმი ჩატარდება.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე მანანა კობახიძემ განახადა, რომ სწორედ იმიტომ გაჩნდა მოსაზრება რეფერენდუმის ჩატარების, რომ ეს ინიციატივა მიაწერეს "ქართული ოცნების" პარტიულ ინტერესებს, რაც მანანა კობახიძის თქმით, სიამრთლეს არ შეესაბამება.
კობახიძემ კომენტარი გააკეთა ასევე, სხდომაზე მყოფი "იდენტობის" წევრების განცხადებაზე, თითქოს, როცა ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დადიოდნენ და მოსახლეობასთან ამ საკითხს განიხილავდნენ, გაიზარდა ჰომოფობიის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული.
"თუ ვინმე რაიმე დანაშაულს ჩადის ძალადობრივად, ჰომოფობიის ფონზე, ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე. აქ არ არის საუბარი ადამიანის უფლებების დაცვაზე, აქ არის საუბარი სახელმწიფოს მიდგომაზე ამ მნიშვნელოვანი საკითხისადმი. ვფიქრობ, ძალიან ლოგიკურია, რომ ჩვენ რეფერენდუმით მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. მორალისგან და ზნეობისგან დაცლილი სახელმწიფოც საშიშია და სამართალიც. მე მგონი, გვაქვს უფლება რაღაც ღირებულებები ავირჩიოთ, რაც არ არის წინააღმდეგობაში ევროპულ ღირებულებებთან", - აცხადებს კობახიძე.
შეგახსენებთ, 80 დეპუტატის ხელმოწერით წარდგენილ საკონსტიტუციო ინიციატივას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ამ წუთებში განიხილავს. პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგი შინაარსით ჩამოყალიბდება: "ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას ემყარება".
პროექტის ავტორი შემდეგი ფრაქციებია: "ქართული ოცნება", "ქართული ოცნება - კონსერვატორები", "ქართული ოცნება - მრეწველები", "ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი"”. პროექტის ინიციატორი კი, 80 დეპუტატია, მათ შორის არიან ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრები. იმის მიუხედავად, რომ "რესპუბლიკელები" ქორწინების თემაზე საკონსტიტუციო პროექტის ინიცირების პროცესს გაემიჯნენ, მათი ფრაქციიდან, პროექტს ორი დეპუტატი - ფრიდონ საყვარელიძე და მალხაზ წერეთელი აწერენ ხელს.