ბავშვს აქვს უფლება მისი დედა იყოს ქალი, ხოლო მამა - მამაკაცი, - ამის თაობაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის დეპუტატებს ქორწინების საკითხზე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აცნობს.
ზვიად ძიძიგურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილია სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას და გაუქმებას ითხოვს, რომლითაც ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა.
ძიძიგურის თქმით, რადგან არსებობს გარკვეული ინტერპრეტაციების გაკეთების საფუძველი კონსტიტუციასა და სამოქალქო კოდექსში არსებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, საჭიროა კონსტიტუციაში უფრო მკაფიო ჩანაწერის გაკეთება.
„კონსტიტუციით უნდა იყოს უზრუნველყოფილი ის, რომ ქორწინება იყოს ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი ერთობა“, - აღნიშნა მომხსენებელმა.
გარდა ამისა, როგორც ძიძიგური აცხადებს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არის სერიოზული აქტივობა იმის თაობაზე, რომ ქორწინების თემაზე რეფერენდუმი ჩატარდეს.
განხილვა კომიტეტში ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.