ვიზალიბერალიზაციის პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე ზაფხულის პერიოდში მივა

ვიზალიბერალიზაციის პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე ზაფხულის პერიოდში მივა

ვიზალიბერალიზაციის კუთხით საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებულ ან განსხვავებულ რეჟიმს არ ველოდებით, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებულ მოლოდინებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, წარმატებულად დასრულებული ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებით, გაზრდილია ის განწყობები და მოლოდინები, რომლებიც მხარდაჭერილია ასევე ევროკომისიის მიერ, რომ დროულად უნდა ამოქმედდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია.

„ჩვენ ამ პროცედურებს ვაკვირდებით, რომ ზუსტად წინასწარ განსაზღვრული გეგმით მიმდინარეობს. საკითხი განიხილება როგორც ევროკავშირის საბჭოში, ისე ევროპარლამენტში და შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ის ლოგიკურად განვითარდება და თავის ლოგიკურ დასასრულამდე ევროპელ ლიდერების შეფასებით ზაფხულის პერიოდში მივა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა საქართველოს ხელისუფლება მიჰყვება გეგმას, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მალე ვიზალიბერალიზაცია ხელმისაწვდომი იქნება.

„რაც შეეხება დღეს ევროპის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებულ ან განსხვავებულ რეჟიმს რა თქმა უნდა არ ველოდებით. ეს არის ის გეგმა, რომელსაც ჩვენ მივყვებით და რომლის ფარგლებშიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მალე ვიზალიბერალიზაცია ხელმისაწვდომი იქნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრული პასპორტი აქვთ, შესაძლებობას მისცემს შენგენის ზონაში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის ზონის 4 კანდიდატ ქვეყანას, მოკლევადიანი ვიზიტები (90 დღე, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში) უვიზოდ განახორციელონ.