მედიის ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ თანამდებობის დატოვებას გეგმავს

მედიის ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ თანამდებობის დატოვებას გეგმავს

თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმედ დავუთოღლუ უახლოეს დღეებში თანამდებობის დატოვებას გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივ და ევროპულ მედიაში ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც გუშინ ევროკომისიამ თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

გავრცელებული ცნობით, დავუთოღლუს გადაწყვეტილების მიზეზი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან დაპირისპირებაა. როგორც მოსალოდნელია მმართველი პარტია მომავალ 15-20 დღეში პარტიის ყრილობას გამართავს, რომელზეც პარტიის ლიდერის არჩევა იგეგმება.

არსებული ინფორმაციით, პარტიის არჩევნებში მონაწილეობას დავუთოღლუ აღარ მიიღებს. როგორც ცნობილია, ეს გადაწყვეტილება გუშინ ერდოღანსა და დავუთოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

დავუთოღლუ თურქეთის პრემიერის პოსტს 2014 წლის შემდეგ იკავებს, მას შემდეგ რაც ერდოღანმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა. თუმცა, ეს ორი მაღალჩინოსანი 2015 წლის ივნისის არჩევნების შემდეგ გარკვეულ საკითხებზე ვეღარ თანხმდებიან. აღსანიშნავია, რომ ევროკომისია ევროკავშირისა და თურქეთის შეთანხმებაში დავუთოღლუს მიიჩნევს პარტნიორად. დავუთოღლუს თანამდებობიდან წასვლა კი ევროპული მედიის ცნობით, თურქეთისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების პროცესისთვის კარგი ნიშანი არ იქნება.