ასეთი ტიპის ტენდენციებს ყველანი უნდა დავუპირისპირდეთ

ასეთი ტიპის ტენდენციებს ყველანი უნდა დავუპირისპირდეთ

 ეკა ბესელია ”პატრიოტთა ალიანსის” მიერ მიღებულ შემოწირულებაზე - ასეთი ტიპის ტენდენციებს ყველანი უნდა დავუპირისპირდეთ ასეთი ტიპის ტენდენციებს ყველანი ერთად უნდა დავუპირისპირდეთ, - ასე უპასუხა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც ”პატრიოტთა ალიანსის” მიერ პარტიებს შორის ყველაზე მეტი შემოწირულების მიღებას შეეხებოდა.

დეპუტატის განცხადებით, უმჯობესი იქნება მოსახლეობის უმეტესობისთვის დასავლური ფასეულობები უფრო მეტად იყოს მიმზიდველი.

”ასეთი ტიპის ტენდენციებს ყველა ერთად უნდა დავუპირისპირდეთ და დასავლური ფასეულობები, რომელიც ქართულ ოდენტობასთან სინთეზსა და თანხვედრაშია, უფრო მეტად მიმზიდველი იყოს ჩვენი მოსახლეობის უმეტესობისთვის. ვფიქრობ, ის, რაც კეთდება საგარეო პოლიტიკის კუთხით, ამას ემსახურება, ამიტომ მიმაჩნია, რომ სხვანაირად უნდა შევხედოთ ამ პრობლემას”, - განაცხადა ბესელიამ.

შეკითხვაზე, ”ქართული ოცნება” ”პრობლემაში” გულისხმობს თუ არა ”პატრიოტთა ალიანსს”, ბესელიამ აღნიშნა: ”მე არ ვამბობ, რომ საფრთხეს წარმოადგენს ”პატრიოტთა ალიანსი, თუმცა პრორუსული განწყობების კუთხით არსებული ტენდენცია მიზეზებშია დასანახი და არა ის, რომ ”პატრიოტთა ალიანსი” გავაიგივოთ ამ ყველაფერთან”.

მიმდინარე წლის აპრილში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულების სახით, ჯამში, 604 747 ლარი მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეში ყველაზე მეტი შემოწირულება - 268 500 ლარი ”საქართველოს პარტრიოტთა ალიანსს” ერიცხება.

შემოწირულების კუთხით, 149 020 ლარით მეორე ადგილი უჭირავს ”ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს”, მესამე კი - 124 000 ლარით ახალ პოლიტიკურ ცენტრ ”გირჩს”.

სხვა პარტიების მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ”გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის” – 46 939 ლარი, ”საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” – 9 000 ლარი, ”საქართველოს მშვიდობისთვის” – 3 173 ლარი, ”თავისუფალი საქართველო” – 1 364 ლარი, ”საქართველოს რესპუბლიკური პარტია” – 1 131 ლარი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 900 ლარი, ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” – 600 ლარი და ”საქართველოს კონსერვატიული პარტია” – 120 ლარი.

აღსანიშნავია, რომ "პატრიოტთა ალიანსის" ყველაზე მსხვილი შემომწირველი მისივე წევრი მანუჩარ მაჩაიძეა. საკრებულოს წევრმა პარტიას აპრილში 60 000 ლარი შესწირა.