არსებობს საფრთხე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა დამტკიცებისთვის საჭირო 76 ხმა ვერ მიიღონ

არსებობს საფრთხე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა დამტკიცებისთვის საჭირო 76 ხმა ვერ მიიღონ

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის გედევან ფოფხაძის აზრით, არსებობს საფრთხე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა დამტკიცებისთვის საჭირო 76 ხმა ვერ მიიღონ.

როგორც დეპუტატმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ პარლამენტში 76 ხმა ადვილი მოსაპოვებელი არ არის და უმრავლესობის შიგნით ბევრი განსხვავებული პოზიცია არსებობს. ფოფხაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენამდე საჭირო იყო წინასწარი კონსულტაციების გამართვა.

მისივე თქმით, საკითხის სესიაზე გატანამდე კონსულტაციები აუცილებლად უნდა გაიმართოს, რა პროცესშიც უპრიანი იქნება პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა, რადგან ის უმრავლესობის პოლიტიკური ლიდერია და პროცესს შედეგობრივად გაადვილებს.

“არავის თვითმიზანი არ არის რომელიმე კანდიდატი ჩავარდეს და ამით საქმე ამოიწუროს. მგონია, რომ ეს ის საკითხია, რომელიც ინსტიტუციონალური კონსესუსით წყდება - სამართლებრივადაც და პოლიტრიკურადაც ეს ასეა. პრეზიდენტი და პარლამენტი უნდა შეთანხმდნენ, რომ მოსამართლედ დაინიშნოს ადამიანი. ინიციატორი პრეზიდენტია, მაგრამ თუკი პარლამენტისგან საკმაოდ მაღალი კვორუმის მხარდაჭერა ვერ მიიღო, კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ვერ დაინიშნება. ამიტომ სასურველია კონსულტაციების გამართვა სწორედ იმ მიზნით, რომ პარლამენტში კანდიდატების მხარდაჭერა უზრუნველვყოთ და არა კენჭისყრის შედეგად მათი არჩევა. უპრიანია კონსულტაციები დეპუტატებთან და აღმსარულებელ ხელისუფლებასთან, რათა კონსენსუსი შედგეს“, - აცხადებს გედევან ფოფხაძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებისადმი მხარდაჭერის საკითხი პარლამენტში ღია საკითხთად რჩება. თვეზე მეტია, რაც ოფიციალურად პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგშია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებად ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილის და ნონა თოდუას არჩევის საკითხი, თუმცა პარლამენტს, პლენარული სხდომის ფორმატში, ამ თემაზე არ უმსჯელია და შესაბამისად, არც კენჭისყრა ჩატარებულა. კანდიდატების მოსმენა მხოლოდ კომიტეტებში გაიმართა და პროცესი წინ აღარ წასულა.