ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, პარლამენტს უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან უნდა მიეცეს კითხვების დასმის შესაძლებლობა.
როგორც ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე შეზღუდული და ლიმიტირებული სამოქალაქო და საპარლამენტო კონტროლის შესაძლებლობა არსებობს და ამ ფონზე, სასაცილოა, როცა აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის პარლამენტში მისვლა და მოსმენა უმრავლესობისათვის პრობლემური ხდება.
“სამსახურის ხელმძღვალნელი პარლამენტში უნდა გამოცხადდეს, მან ანგარიში უნდა ჩააბაროს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პარლამენტის წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა იმისა, რომ პირადად დაუსვან კითხვა, რადგან პირადად ის იქნა არჩეული პარლამენტის მიერ და ის არის ვალდებული პარლამენტის წინაშე შემდეგი ექვსი წლის განმავლობაში“, - აცხადებს ჩიქოვანი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პარლამენტში ანგარიშით მოსვლასთან დაკავშირებით დღეს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განმარტა, რომ ვახტანგ გომელაური ამჟამად გრძელვადიან მივლინებაში იმყოფება და ჩამოსვლის შემდეგ მზად არის პარლამენტში მოხსენებით მოვიდეს. ამასთან, ვოლსკიმ დასძინა, რომ კანონი არც მისი მოადგილის მოსმენას კრძალავს.
უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში 30 მარტს დაიგეგმა, თუმცა სესია კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა.