საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის ივანე კიღურაძის გამოსვლას კამათი მოყვა.
ივანე კიღურაძემ ეროვნულ აკადემიაში შეკრებილ აკადემიკოსებს „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი გააცნო და ამ ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში აკადემიისთვის დადებით მნიშვნელობაზე ისაუბრა. კერძოდ, ივანე კიღურაძის განცხადებით, ცვლილებების პროექტი ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მეცნიერებაში მოზიდვას, მათი მხარდაჭერის ეფექტური მეთოდების შემუშავებას და ეროვნული აკადემიის საქმიანობაში აქტიურ ჩართვას. მისივე თქმით, სტიპენდიანტთა ინსტიტუტის დაარსება წევრ-კორესპონდეტთა ინსტიტუტს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.
ცვლილებების პროექტზე საუბრის შემდეგ ვანო კიღურაძის მიმართ დარბაზიდან შეკითხვები იყო, ხომ არ გამოიწვევდა ეს ცვლილებები ეროვნული აკადემიის დაღუპვას და აკადემიკოსების მიერ წინადადებების შეთავაზებების შემთხვევაში არის თუ არა ივანე კიღურაძე კომპრომისისთვის მზად.
ვანო კიღურაძის თქმით, კრება აკადემიამ მოიწვია და დარწმუნებულია, რომ ცვლილებების პროექტი ეროვნულ აკადემიას წაადგება.
„აკადემიას ვინც ღუპავს, ეგ მე ვიცი“, - განაცხადა ივანე კიღურაძემ, რასაც დარბაზიდან მალხაზ გულაშვილის, ასევე გიორგი გიგაურის შეკითხვები მოჰყვა.ისინი კიღურაძეს სთხოვდნენ დაესახელებინა ვინ ღუპავდა აკადემიას.
„საჭიროდ არ მიმაჩნია თქვენ პირადად ამ კითხვაზე პასუხი გითხრათ“, - განუცხადა კიღურაძემ მალხაზ გულაშვილს.
გიორგი გიგაურმა, რომელმაც საზოგადოების წარმომადგენლად წარადგინა საკუთარი თავი, კიღურაძეს კითხვით მიმართა, რატომ აპირებს იმის გაკეთებას, რაც სააკაშვილმა ვერ გააკეთა?.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ კიღურაძემ დარბაზში გადაინაცვლა. დისკუსია მეცნიერებათა აკადემიაში კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ამ წუთებშიც გრძელდება.