ვახტანგ გომელაურის ანგარიშის მოსმენისას შესაძლოა პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხუროს

ვახტანგ გომელაურის ანგარიშის მოსმენისას შესაძლოა პარლამენტის პლენარული სხდომა დაიხუროს

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის დახურულ ფორმატში მოსმენას არ გამორიცხავს.

როგორც ამასთან დაკავშირებით ვოლსკი განმარტავს, უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენისას დეპუტატების მხრიდან დაისვა კითხვები, რასაც პასუხი დახურულ რეჟიმში უნდა გაეცეს.

“მოხსენების ძირითადი ნაწილი ჩვენ კომიტეტზე მოვისმინეთ. იყო კრიტიკული შენიშვნები. ვფიქრობ, მოხსენების ძალიან დიდი ნაწილი დახურულ რეჟიმში უნდა იყოს განხილული, გამომდინარე იმ შეკითხვებიდან, რაც დეპუტატებს კომიტეტის სხდომაზე ჰქონდათ“, - აცხადებს ვოლსკი.

მისივე ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური ამჟამად გრძელვადიან მივლინებაში იმყოფება და ჩამოსვლის შემდეგ მზად არის პარლამენტში მოხსენებით მოვიდეს. ამასთან, ვოლსკიმ დასძინა, რომ კანონი არც მისი მოადგილის მოსმენას კრძალავს.

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის მოსმენა პარლამენტში 30 მარტს დაიგეგმა, თუმცა სესია კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშალა.