ნატო-სთვის წინააღმდეგობის გასაწევად რუსეთი დასავლეთის და სამხრეთის სამხედრო ოლქებში ახალ დივიზიებს ჩამოაყალიბებს.
როგორც რუსული მედია იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.
მისი ინფორმაცით, დასავლეთის სამხედრო ოლქში ორი, სამხრეთის სამხედრო ოლქში კი ერთი დივიზია განლაგდება.
სამხრეთის სამხედრო ოლქი - რუსეთის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულია, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ კავკასიას. აღნიშნულ ოლქს ექვემდებარებიან სამხედრო ბაზები სომხეთის, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ოლქის დაქვემდებარებაშია შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტილია.
რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად სად განლაგდება ახალი დივიზია.
„თავდაცვის სამინისტრო მიმართავს რიგ ზომას, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ნატო-ს ძალების გაზრდისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. წლის ბოლომდე დასავლეთის სამხედრო ოლქში ორი დივიზია, სამხრეთის სამხედრო ოლქში კი ერთი დივიზია ჩამოყალიბდება“, - განაცხადა შოიგუმ უწყებაში გამართულ თათბირზე.
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს დივიზიების დისლოკაციის ადგილების კეთილმოწყობა.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, თითოეული დივიზიის შემადგენლობაში დაახლოებით 10 000 სამხედრო იქნება.