უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატებისადმი მხარდაჭერის საკითხი პარლამენტში ღია საკითხთად რჩება.
თვეზე მეტია, რაც ოფიციალურად პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგშია უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებად ანა დოლიძის, თამარ ლალიაშვილის და ნონა თოდუას არჩევის საკითხი, თუმცა პარლამენტს, პლენარული სხდომის ფორმატში, ამ თემაზე არ უმსჯელია და შესაბამისად, არც კენჭისყრა ჩატარებულა. კანდიდატების მოსმენა მხოლოდ კომიტეტებში გაიმართა და პროცესი წინ აღარ წასულა.
როგორც ამასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსს“ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განუცხადა, ეს არ არის თემა, რომელიც მხოლოდ დეპუტატების შეხედულებით უნდა გადაწყდეს. ვოლსკის თქმით, “მნიშველოვანია, ხელისუფლების სამივე შტოს ჰქონდეს ჩამოყალიბებული პოზიცია და ეს პოზიცია იყოს ერთიანი, რადგან საქმე საგანგებო მნიშვნელობის ორგანოს ეხება“. ვოლსკი თვლის, ამ თემაზე ერთმანეთში პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა დაილაპარაკონ.
“იმის მიუხედავად, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა გარკვეული ნაბიჯები გადადგა იმ დეფიციტის ამოსავსებად, რაც ჩვენს რეალობაში არსებობდა, საპირისპირო ნაბიჯებს ვერ ვხედავ. ამის ერთ-ერთი მაგალითია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარმოდგენა ისე, რომ არ ჰქონია კონსულტაცია პარლმენტთან, პარლამენტის უმრავლესობასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. საბოლოო შედეგი მაინც პარლამენტში დგება. რა თქმა უნდა, კანდიდატურების წარმოდგენა პრეზიდენტის დისკრეციაა, მაგრამ ვფიქრობ, არსებული კანდიდატების თაობაზე არა თუ მიზანშეწონილია, არამედ აუცილებელია წინასწარი კონსულტაციები. დისკრეციის ასე ცალსახად ხისტად გამოყენება, სწორ გადაწყვეტილებად არ მიმაჩნია“, - აღნიშნა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
დამატებითი კონსულტაციების საჭიროებაზე საუბრობს ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი ეკა ბესელია. ბესელიას თქმით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებულ კანდიდატებთან დაკავშირებით თავად კომიტეტის პოზიცია ცნობილია, თუმცა მისივე თქმით, “საჭირო იყო კიდევ დამატებითი კონსულტაციები“.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ანა დოლიძის კანდიდატურა პარლამენტს თებერვლის ბოლოს წარედგინა. მას იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში 7 მარტს მოუსმნის და მხარი დაუჭირეს.
პარლამენტში 1-ელ აპრილს თამარ ლალიაშვილისა და ნანა თოდუას კანდიდატურები შევიდა, რომელთაც 7 აპრილს - იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ხოლო 8 აპრილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მოუსმინა. ფარული ჯენჭისყრის შედეგად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტისგან მხარდაჭერმა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ლალიაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი, თოდუას - არა.
ამ პერიოდიდან მოყოლებული მათი არჩევის საკითხი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგშია, რომლის სხდომიდან სხდომამდე გადატანა ხდება და არ იხილება.