ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი არჩევნების დანიშვნისა და შესაბამისი განკარგულების გამოცემის საკითხზე პრეზიდენტსა და პრემიერს შორის წინასწარი კონსულტაციების გამართვის საჭიროებას ხედავს.
როგორც დეპუტატმა “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების კონსულტაციების გარეშე მიღება არ უნდა მოხდეს.
“არ ვარ საქმის კურსში, ჰქონდათ თუ არა პრეზიდენტსა და პრემიერს ამ თემაზე სატელეფონო საუბარი, მაგრამ შეხვედრა რომ ყოფილიყო, საზოგადოებისთვისაც ცნობილი იქნებოდა. გარდა ამისა, იცით, რომ პრემიერი საკმაოდ გრძელვადიან მივლინებაში იმყოფებოდა. ზოგადად, კონსულტაციებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ არამარტო ჩემი და ჩემი კოლეგების, არამედ საზოგადოების მოთხოვნაა, კონსულტაციები სახელისუფლებო შტოების ხელმძღვანელებს შორის - არის ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თუ პარლამენტის თავმჯდომარე, აუცილებლად მიმდინარეობდეს. ინტენსიური კონსულტაციები ყველა თემაზე უნდა მიმდინარეობდეს და ეს მხოლოდ არჩევნების თემას არ ეხება. ის რომ, არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარებულიყო, ხოლო წისაარჩევნო პერიოდი 8 აგვისტოდან დაწყებულიყო, ამის წინასწარ გაცხადება კარგი იყო. ორიენტირები დავსახეთ, მაგრამ ამის შემდგომ კაზუსის აღმოფხვრა უნდა მოხდეს არა პოზიციის დაჩემებით - “რახან ითქვა, ბოლომდე ასე მივყვეთ“, არამედ კონსულტაციების საფუძველზე, როგორც ეს ქვეყანას სჭირდება - რა საბიუჯეტო დანახარჯებთან გვექნება ამა თუ იმ ვარიანტში საქმე, ეს არის მთავარი თემა, რაც ქვეყანას აწუხებს. არ უნდა მოხდეს კონსულტაციების გარეშე ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლკიმ.
როგორც ცნობილია, პოლიტიკური პარტიებიც და არასამთავრობო სექტორიც პრეზიდენტს არჩევნებთან დაკავშირებული ახალი განკარგულების გამოცემამდე მთავრობასთან კონსულტაციების ხელახლა გავლას ურჩევს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ პრეზიდენტს არჩევნების შესახებ ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა მაისის დასაწყისში აქვს დაანონსებული, მაშინ როცა პრემიერმა მას თხოვნით მიმართა, ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს.
პრეზიდენტის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის მაისში გამოცემის შემთხვევაში ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში არჩევნებამდე 5 თვით ადრე - სწორედ მაისიდან გადავა, თუმცა როგორც მთავრობაში აცხადებენ, ეს რამდენიმემილიონი ლარით მეტ დანახარჯს გამოიწვევს, რისი ფუფუნებაც ბიუჯეტს არ აქვს.