უცნობი ჯარისკაცის საფლავს, სადაც ქერჩიდან (ქართველთა სასაკლაოდან) ჩამოსვენებული ჯარისკაცის ნეშტი ასვენია, თანდათან იერს ვუცვლით. 9 მაისს ვაკის პარკში მისულ ვეტერანებს სიურპრიზი დახვდებათ. ვაკის პარკის შესასვლელში უცნობი დიჯეის ძეგლი დაუდგამთ.
რამდენიმე დღის წინ "კვირის პალიტრას" გოგი ოჩიაურმა გულისტკივილით უთხრა: "ყველა ჩემი ქანდაკება დანგრეულია... იმდენი ტკივილი მივიღე, რომ აღარაფერს დავდგამ".
იმ დანგრეულ ქანდაკებათა შორისაა ვაკის, იმავე "გამარჯვების პარკში" მდგარი უცნობი ჯარისკაცის მემორიალიც.
მემორიალი თავდაპირველად ქანდაკებათა კომპლექსს წარმოადგენდა, 20 წლის მანძილზე იქედან თანდათან ქრებოდნენ "ჯარისკაცები," დღეისთვის ერთი იდაყვებზე დაყრდნობილი "დაჭრილიღაა" შემორჩენილი. მარადიული ცეცხლი უშუქობისა და უგაზობის დროს წავიდა.
სამაგიეროდ, პარკის შესასვლელში უცნობი დიჯეის ქანდაკება "წამოიწლაწნა". მკერდმოშიშვლებული ქალი დინამიკებზე შემომჯდარა და vinyl -ზე "უკრავს".
ამჯერად ძეგლის შესახებ აზრი არა მოქანდაკეს, არამედ პროფესიონალ დიჯეის ვკითხეთ. "ამბები.გე" ცნობილ ქართველ დიჯეის ლევან მდინარაძეს, იგივე DJ რემბოს დაუკავშირდა.
”არ მომწონს ჯერ ფერი, შემდეგ დიზაინი. ნაჩქარევია. ჯერ ამ ქალის ხელებს შეხედეთ. დიჯეები ასე არ აკეთებენ. ეს უფრო როკერების სტილია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ქანდაკების ავტორს წარმოდგენა არა აქვს, ვინ არის დიჯეი და მის წარმოდგენაში რაც კლუბებთან და მუსიკასთან ასოცირდება, ყველაფერი ერთმანეთში შეურია. ეს დიჯეი კი არა, მსუბუქი ყოფაქცევის ქალია, რომელიც დიჯეის აპარატურას უკითხავად დაეუფლა. ამ ძეგლს რომ ვუყურებ, სხვა ასოაციაცია არ მიჩნდება. საერთოდ ვერ ვგრძნობ მუსიკალურ ემოციას. მადლობთ, რომ ჩემი აზრით დაინტერესდით”, - ამბობს DJ რემბო.