რინგოს მტკიცებით, საწყენია რომ თანამედროვე ახალგაზრდა მელომანთა შორის მრავლად არიან ისეთი პიროვნებები რომლებსაც ლეგენდარული ლივერპულელი ოთხეულის შესახებ არაფერი სმენიათ. ამის მიუხედავად რინგო სტარისა და პოლ მაკარტნის ალბომები მსოფლიოში სარეკორდო რაოდენობით იყიდება.
“The Beatles”-ის ყოფილმა მედოლემ განსაკუთრებით სერ პოლ მაკარტნის ამჟამინდელი შემოქმედება გამოყო.
“პოლის უკანასკნელმა ალბომმა ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი ბოლო ნამუშევარი შესანიშნავი გამოვიდა. ასაკის მიუხედავად პოლის ვოკალი კარგად ჟღერს. ვერც კი ვიხსენებ ჯგუფში მოღვაწეობის პერიოდში ასეთი ხმა თუ ჰქონდა. ვოკალური მონაცემებით ყოველთვის ჯონ ლენონი გამოირჩეოდა. ვფიქრობ რომ მაკარტნი ამ მიმართულებით აშკარად დაიხვეწა და ჯონის სიმაღლეებს მიაღწია.” – განაცხადა რინგო სტარმა.
ორი კოლეგა ერთმანეთს უკანასკნელად ცოტა ხნის წინ, “გრემის” მუსიკალური ჯილდოების გადაცემის საზეიმო ღონისძიებაზე შეხვდა.
“ჩვენ რამდენიმე საათი ვისაუბრეთ. გავიხსენეთ წარსული და აღმოვაჩინეთ რომ ერთად დიდი სამუშაო შეგვისრულებია. პოლი მუსიკალური ხელოვნების ისტორიაში საუკეთესო ბასისტია. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. რასაკვირველია შეხვედრის დროს “The Beatles”-ის შემოქმედებაც განვიხილეთ და ერთ საერთო აზრამდე მივედით. ჯგუფის მიერ ჩაწერილი ალბომებიდან საუკეთესოები “Revolver”, “Abbey Road” და “White Album” გახლავთ”.