საქართველოს დელეგაცია ბაქოში, ევროვიზიის სიმღერის კონკურსთან დაკავშირებით 42 ქვეყნის დელეგაციების შეხვედრაზე იმყოფება. ევროფესტივალის მონაწილე ქვეყნებმა ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) საკონკურსო სიმღერები ოფიციალურად წარუდგინეს.
დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრაზე ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და აზერბაიჯანის მაუწყებელმა დელეგაციებს კონკურსის ჩატარების წესები და პირობები, სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალები გააცნეს. საუბარი შეეხებოდა რეპეტიციებს, სცენის დიზაინს, კონკურსის შემოქმედებით მხარეს, მასმედიის წარმომადგენლების დასწრებას, ფანკლუბებსა და სხვა საკითხებს.
2012 წლის ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლის ანრი ჯოხაძის სიმღერა ,,I'm a Joker" ევროვიზიის ოფიციალურ საიტზე - eurovision.tv-ზე განთავსდა. სიმღერა ,,I'm a Joker" ევროფესტივალის მონაწილე 42 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების ეთერში იტრიალებს.
ანრი ჯოხაძე ბაქოს Crystal Hall-ში 24 მაისს - ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე მე-12 იმღერებს. 2012 წლის ევროფესტივალის მონაწილეების სცენაზე გამოსვლის რიგითობა ბაქოში დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრისას კენჭისყრის შედეგად გაირკვა.
ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადავლენ: მასპინძელი ქვეყნის - აზერბაიჯანისა და „დიდი ხუთეულის“ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთისა, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი ფინალისტების ვინაობა ნახევარფინალების შედეგად, გაირკვევა.
რიგით 57-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ნახევარფინალები 22-სა და 24, ხოლო ფინალი 26 მაისს შედგება.