„ამბავი კაცისა, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა...“

„ამბავი კაცისა, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა...“

ცნობილი მწერალი და სცენარისტი ერლომ ახვლედიანი, დღეს 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.  ერლომ ახვლედიანი რამდენიმე წიგნისა და  ათზე მეტი ფილმის სცენარის ავტორია. გადაღებულია არაერთ ფილმში, მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, მათ შორის, ლიტერატურული პრემია „საბა” წიგნისათვის „კოღო ქალაქში”. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ და არაბულ ენებზე.

„ჩემს იდეალებს მუდამ ვეძებდი ჩვეულებრიობაში, ნორმალურობასა და შეუმჩნევლობაში. ამ ვნებამ ეკლესიამდე მიმიყვანა. იგრძნო თავი სიტყვიერ ცხვრად _ უდიდესი ბედნიერებაა. მაგრამ ამ სულიერ „კიდობანში“ სხვა ამინდია, ხოლო მის გარეთ სულ სხვა. თუ კიდობანში თანდათან ურიგდები სიკვდილს და იყვარებ მას, გარეთ დარჩენილს სიკვდილის შიში გზარავს. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური გაქრობის შიში, რადგან მანამ ცოცხალი ხარ, შინაგანად სიკვდილის წარმოსახვა ორმხრივ გახსნილია. შეუძლებელია, არ გაქრე და შეუძლებელია, გაქრე. ამას მხოლოდ სიკვდილის შემდეგ გაიგებ. ხუმრობით კი ვიტყვი: მოველი აღსასრულს, რათა საბოლოოდ დავრწმუნდე, რომ უკვდავი ვარ,“-წერდა ერლომი და სწორედ თავისი ამ ჩვეულებრიობით, ნორმალურობითა და შეუმჩნევლობით ხდებოდა სხვათა იდეალი.  ალბათ იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც მისი ნაწარმოებები ერთხელ მაინც წაუკითხავს და სამუდამოდ არ დარჩენია მეხსიერებაში: „პატარა ქალაქის ზღაპრები,“ „უნიჭო ობობა“, „არასერიოზული კაცი,“ „ნიკო და ვანო,“ „ზარმაცი თაგუნას ამბავი...“ და ა.შ.

ერლომი, გენიალურ მწერალთან ერთად გენიალური პიროვნებაც იყო. კეთილი, მოკრძალებული, თავაზიანი ნიჭიერი და საოცრად სევდიანი,- სწორედ ასეთი ახსოვთ ის გარშემომყოფებს. თვალებში მუდამ  სევდა ჰქონდა ჩაბუდებული  და ყველაფერი უყვარდა ირგვლივ ამ სევდის მიუხედავად.  სიკვდილის შიში იმალებოდა მის არსებაში და ამაყად უსწორებდა თვალს ამ გარდაუვლობას. მისი ცხოვრება, ალბათ თავიდან ბოლომდე იყო „ამბავი კაცისა, რომელსაც სიცოცხლე უყვარდა,“- ამბავი რომელიც დღეს დასრულდა, მაგრამ არასდროს, არასდროს მიეცემა დავიწყებას...

 აქ იყო და სიცოცხლე უყვარდა

იქ წავიდა და სიკვდილიც შეიტკბო.

საფლავის ქვაზე ეწერა: კაცი იყო, სიცოცხლე უყვარდა.

                                                                                  ერლომი