გუშინ, კინოთეატრ რუსთაველში ცნობილი ქართველი მსახიობის ავთანდილ მახარაძის შემოქმედებითი საღამო მისი სახელობის ვარსკვალავის გახსნის საზეიმო ცერემონიით დაასრულდა. აღსანიშნავია, რომ კინოთეატრ რუსთაველის წინ ვარსკვლავი პირველად გაიხსნა და კულტურის სამინიტროს ინიციატივით ის თენგიზ აბულაძის „მონანიების“ მთავარ გმირს მიეძღვნა.
„მადლობა მაყურებელს, რადგან საშუალება მაქვს ჩემი საქმით გავახარო ისინი,“ - აღნიშნა მსახიობმა.
ღონისძიებას ახლდა კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემულ ბუკლეტი, რომელშიც თავმოყრილია ინფორმაცია ავთანდილ მახარაძის კინოსა და თეატრში შესრულებული როლებისა და კინოფესტივალებზე მიღებული ჯილდოების შესახებ, ასევე, ფოტოები, ფრაგმენტები „ფიგაროს”, „ნიუს ვიკის”, კანის ფესტივალის დღიურებისა თუ მსოფლიო პრესის სხვა მნიშვნელოვანი გამოცემებიდან.
ავთანდილ მახარაძე 1966 წლიდან მუშაობს რუსთაველის თეატრში. მიღებული აქვს ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალის პრემია, პრემია „ნიკა“, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ოქროს არწივი“. მახარაძე სრულყოფილად ფლობს თანამედროვე აქტიორულ გამომსახველობით საშუალებებს. გამოირჩევა თამაშის საკუთარი მანერით. განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: აბიბო (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე“), ბუხუტი (ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“), ივანე გვერდევენიძე (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), პაპუნა პიტრიშიძე (შ. დადიანის „გუშინდელნი“), ჭიჭიკო გოგოლი (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“), გრამოტკინი (ი. დვორეცკის „უცხო კაცი“), ბორის გოდუნოვი (ა. ტოლსტოის „ივანე მრისხანის სიკვდილი“), ტიბალტი (უ. შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“) და სხვა.