ფილმის სიუჟეტი ჯგუფის მიერ ჩატარებულ კონცერტებზეა აგებული. სურათში დიდი ადგილი დაეთმობა “Metallica”-ს წევრებისა და ერთგული თაყვანისმცემლების ურთიერთობას.
მიმდინარე წლის ზაფხულში ჯგუფი რამდენიმე ევროპულ ფესტივალზე გამოვა. ამ ახალი ფილმის გადაღებაც ამ ღონისძიებებზეა დაგეგმილი. წინასწარი ინფორმაციით დოკუმენტური ფილმი მსოფლიო კინოეკრანებზე 2013 წელს გამოვა.
კინორეჟისორი ნიმროდ ანტალის შემოქმედება ჯგუფის მედოლე ლარს ულრიხის დიდი მოწონებით სარგებლობს. ულრიხის ინიციატივით, გასული წლის დეკემბერში “Metallica”-ს წევრები ჰოლივუდში ანტალს შეხვდნენ და ახალ პროექტზე მონაწილეობის მიღებაზე დაითანხმეს.
“Metallica” ერთ საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ჯგუფის მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჩაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო ალბომს “Black Album”, გამოცემიდან ოცი წელი უსრულდება
ამ თარიღთან დაკავშირებით ჯგუფის წევრებმა რამდენიმე ღონისძიება დაგეგმეს.
9 ივნისს “Metallica” მონაწილეობას მიიღებს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ “Download”-ის ტრადიციულ მუსიკალურ ფესტივალში. ამ კონცერტზე მუსიკოსები “Black Album”-ში შესულ ყველა კომპოზიციას ცოცხლად შეასრულებენ.
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კონცერტის შემდეგ “Metallica”-ს წევრები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გამგზავრებას გეგმავენ. კულუარული ინფორმაციით, ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ჯგუფის ყოფილ გიტარისტთან ჯეისონ ნიუსტედთან, რათა ეს უკანასკნელი კოლეგებს დროებით შეუერთდეს.