კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულების ყოფილი თანამესაკნე ყუფარაძესა და გოშაძეს მის წამებაში ადანაშაულებს

კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულების ყოფილი თანამესაკნე ყუფარაძესა და გოშაძეს მის წამებაში ადანაშაულებს

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ალექსანდრე ჭუმბურიძე, რომელიც სასჯელს კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ყუფარაძესთან და ვასილ გოშაძესთან ერთად იხდიდა , ყუფარაძესა და გოშაძეს მის წამებაში ადანაშაულებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ჭუმბურიძემ განუცხადა, მას არაერთი საჩივარი აქვს დაწერილი იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე ციხის დირექტორთან ერთად აწამებდა, თუმცა ისინი მაინც გაათავისუფლეს.

აღნიშნული ფაქტის გამო, ჭუმბურიძე ნატო და გურამ კვეზერელების მკვლელობაში ყოფილი ხელისუფლების ირიბ თანამონაწილეობაზე საუბრობს. ”ამ ორი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილში ხელისუფლებაა დამნაშავე. გიორგი ყუფარაძე და ვასილ გოშაძე ციხეში უნდა ყოფილიყვნენ. არაერთი საჩივარი მაქვს დაწერილი, რომ მაწამებდნენ, მაგრამ ისინი მაინც გაათავისუფლეს. ამაში დამნაშავე არის თუ არა პროკურატურა და ხელისუფლება? მათ მიუძღვით ბრალი, ისინი ამ მკვლელობის ირიბი თანამონაწილეები არიან. ელემენტარულად პასუხი ხომ უნდა აგონ იმ ადამიანებმა, ვინც ყუფარაძე და გოშაძე ციხიდან გამოუშვეს”, - განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ალექსანდრე ჭუმბურიძემ.

ჭუმბურიძის ინფორმაციით, გიორგი ყუფარაძეს და ვასილ გოშაძეს, კვეზერელების მკვლელობა მისი თანდასწრებით არ დაუგეგმავთ და მისი თანდასწრებით ამ საქმეზე არც უსაუბრიათ. მისივე თქმით, ყუფარაძემ და გოშაძემ ერთმანეთი ციხეში გაიცნეს. რაც შეეხება მათ გათავისუფლებას, ალექსანდრე ჭუმბურიძის თქმით, ყუფარაძემ და გოშაძემ ზუბადალაშვილის მკვლელობის საქმეზე საპროცესო შეთანხმება გააფორმეს და მათ ამნისტიაც შეეხოთ.