პოლ მაკარტნი შემოსავლიან მუსიკოსთა სიაში მოხვდა

პოლ მაკარტნი შემოსავლიან მუსიკოსთა სიაში მოხვდა

 

გუშინ ამერიკულმა მუსიკალურმა გამოცემამ “Billboard” გასული წლის ყველაზე შემოსავლიანი ორმოცი მუსიკოსის ჩამონათვალი გამოაქვეყნა.

ამ სიის საპატიო 25-ე საფეხური ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა სერ პოლ მაკარტნიმ დაიკავა. 2011 წელს მისმა შემოსავალმა 6.7 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს თანხა მაკარტნიმ ძირითადად საგასტროლო ტურნეს დროს ჩატარებული კონცერტებით გამოიმუშავა.

გასულ წელს მუსიკოსმა არაერთი დასამახსოვრებელი ღონისძიება გამართა. ამათგან განსაკუთრებით გამოსაყოფია ნიუ-იორკში, დეტროიტში, ჩიკაგოსა და ცინცინატში ჩატარებული კონცერტები. ამის გარდა, შარშან სერ პოლმა საკუთარი ჩანაწერების 144 ათასი ალბომი გაყიდა.

“Billboard”-ის მიერ შედგენილი სიის სათავეში ახალგაზრდა ამერიკელი მომღერალი ტეილორ სფიფტი აღმოჩნდა. მისმა საერთო შემოსავალმა 35.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

მეორე ადგილზე ირლანდიური ჯგუფი “U 2” გავიდა, რომლის წევრებმაც კონცერტებითა და გაყიდული ალბომებით 32 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.

საპატიო მესამე პოზიციაზე კი ქანთრის სტილით მომღერალი კენი ჩესნი მოხვდა, რომელიც 29 მილიონი დოლარით გამდიდრდა.

შემდეგ ადგილებზე ლედი გაგა (25 მილიონი დოლარი), ლილ უეინი (23 მლნ), შადე (16 მლნ), “Bon Jove” (15 მლნ), სელინ დიონი (14 მლნ), ჯეისონ ოლდინი (13 მლნ) და ადელი (13 მლნ) გავიდნენ.