დღეს, 20:00 საათზე, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო დღეებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, მისი სასცენო კოსტიუმების და აქსესუარების გამოფენა გაიხსნება. გამოფენილი იქნება პრიმა-ბალერინას ასზე მეტი სასცენო კოსტიუმების ექსპოზიცია, რომელსაც დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი წარმოადგენს. კოსტიუმები წარმოდგენილი იქნება ბალეტებიდან „გედების ტბა“ , „დონ კიხოტი“, „ჟიზელი“, „რაიმონდა“, „კორსარი“ და სხვა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გაიხსენონ და თვალი გადაავლონ პრიმა-ბალერინას პარტიებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თავად ნინო ანანიაშვილის ესკიზით შექმნილი კოსტიუმებიც.
საიუბილეო დღეების ფარგლებში 16 მარტს, 19:45 საათზე, რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იქნება ერთმოქმედებიანი ბალეტები. საბალეტო დასი მაყურებელს შესთავაზებს ესტონელი ქორეოგრაფის, ტეეტ კასკის ახალი ერთმოქმედებიანი ბალეტის „თამპოპო”-ს პრემიერას, რომელშიც მთავარ პარტიას, საბალეტო დასის სოლისტებთან ერთად, ნინო ანანიაშვილი შეასრულებს. წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ „ტრიო პერტე“ - თეა ჭკუასელის, ლელა მჭედლიძის და გიორგი ჯორჯაძის შემადგენლობით. „თამპოპო”-ს კოსტიუმების მხატვრობაზე იმუშავა ნინო ჩუბინიშვილმა. პროგრამაშია ასევე ფრედერიკ ეშტონის ბალეტი „მარგარიტა და არმანი“, ასევე იური პოსოხოვის მიერ ქართულ მელოდიებზე შექმნილი ბალეტი - „საგალობელი“. 17 მარტს, 12:30 საათზე „თბილისი მარიოტში“ გაიმართება ფოტოალბომის „ნინო ანანიაშვილი“-ის პრეზენტაცია, რომელშიც პრიმა-ბალერინას შემოქმედებითი მოღვაწეობის ოცდაათწლიანი გზა არის ასახული. საიუბილეო დღეები 18 მარტს, 19:00 საათზე, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავების გალა-კონცერტით დასრულდება, რომელიც თბილისის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.