ბობ დილანი ახალ ალბომზე მუშაობს

ბობ დილანი ახალ ალბომზე მუშაობს

მუსიკალური გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ბობ დილანმა ახალ სტუდიერ ჩანაწერზე მუშაობა დაიწყო.

მუსიკოსის კარიერაში რიგით 35-ე ალბომის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ ის დღის სინათლეს მიმდინარე წლის დასასრულს იხილავს.

ახალი დისკის მომზადების პროცესში ბობ დილანს წინა საუკუნის 60-იანი წლების პოპულარული ჯგუფი “ლოს ლობოსის” წევრი დევიდ იდალგო დაეხმარება. იდალგოს დილანთან თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება გააჩნია. მან 2009 წელს დილანის ალბომების “Together Through Life” და “Christmas In The Heart” ჩაწერაში დაეხმარა.

ბობ დილანი 1941 წლის 24 მაისს დაიბადა მინესოტას შტატის ქალაქ დულეტში. აქტიური მუსიკალური მოღვაწეობის ხუთი ათეული წლის განმავლობაში პოპულარული მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ჩამოყალიბდა.

ჟურნალ “Rolling Stone” გამოკითხვის მიხედვით, ბობ დილანი ჯგუფი “The Beatles” შემდეგ თანამედროვე როკ-ისტორიის მეორე უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

მისი პირველი ალბომი “Bob Dilan” 1962 წელს გამოვიდა. რიგით 34-ე სტუდიური ნამუშევარი “Christmas In The Heart” კი 2009 წელს.