აპრილის ბოლოს მოსკოვის „კროკუს სიტი ჰოლში“ ქართული და რუსული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების ერთობლივი კონცერტი გაიმართება. სახელწოდებით,- „რწმენით, იმედითა და სიყვარულით“. კონცერტი ქართველი კომპოზიტორის, ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნას მიეძღვნება. როგორც რუსული პრესა ამბობს, ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედება, წლების განმავლობაში იყო რუსი და ქართველი ხალხის ნდობისა და მეგობრობის სიმბოლო.
ქართველი შემსრულებლებიდან კონცერტში მონაწილეობენ: თამრიკო ჭოხონელიძე, ბესო კალანდაძე, ნინო ქათამაძე, ზურა დოიჯაშვილი, კვინტეტი „ფორტე“, ეკა კვალიაშვილი, თემურ თათარაშვილი, მამუკა ონაშვილი, ირმა სოხაძე, ზურაბ მანაგაძე, ნინი შერმადინი, ასევე ანსამბლ „ივერიას“ წევრები - თემურ წიკლაური, ლუიზა კობალაძე, ვახტანგ ტატიშვილი, მანანა თოდაძე, ნუგზარ კვაშალი, თამუნა ამონაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, რომა რცხილაძე და ტატო გოდერძიშვილი.
თბილისიდან მიწვეულ სტუმრებთან ერთად კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერლები: სოსო პავლიაშვილი, თამარ გვერდწითელი, ვალერი და კონსტანტინე მელაძეები, დათო ხუჯაძე, დიანა ღურწკაია, ქეთა თოფურია და ირაკლი ფირცხალავა.
მომღერლებს უმასპინძლებენ ცნობილი რუსი შემსრულებლები: ლარისა დოლინა, იოსებ კობზონი, კონსტანტინ რაიკინი, ნიკოლაი რასტორგუევი, ოლეგ გაზმანოვი და ჯგუფი „ლუბიე“.
კონცერტის პირველ ნაწილში შესრულდება ალექსანდრე ბასილაიას ყველაზე ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები, მეორე ნაწილში კი ქართველი - კომპოზიტორების უკვდავი კომპოზიციები.
რამდენიმე დღის წინ კომპოზიტორ ალექსანდრე ბასილაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო საქართველოში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზშიც გაიმართა. პროექტის ავტორი ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი იყო, საღამოს „ზღაპარი სიყვარულისა“ ერქვა და ნოდიკოსთან ერთად კომპოზიტორის ცნობილი ჰიტები, ახლებური ინტერპრეტაციით, სხვა ქართველმა მომღერლებმაც შეასრულეს. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ოპერისა და ბალეტის კამერული ორკესტრი და ცოცხალი ბენდი, დაახლოებით 40 კაცის შემადგენლობით.