ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “Not Your Kind Of People” და დღის სინათლეს მიმდინარე წლის 15 მაისს იხილავს. მას ხმის ჩამწერი სტუდია “Stunvolume” გამოსცემს.
ახალ სტუდიერ ჩანაწერში 11 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს ჯგუფის ვოკალისტმა შირლი მენსონმა და გიტარისტებმა სტივ მარკერმა და დიუკ ერიქსონმა. მუსიკოსებს მედოლე ბუტჩ ვიგიც ეხმარებოდა. დისკი ქალაქ ლოს-ანჯელესში მომზადდა.
მიმდინარე წლის დასასრულს ჯგუფის წევრები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრებიან. ისინი კონცერტებს რუსეთში, საფრანგეთში, შვედეთში, დანიაში, გერმანიასა და ბელგიაში ჩაატარებენ.
ამერიკული როკ-ჯგუფი “Garbage” 1994 წელს, ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვოკალისტი შირლი მენსონი, გიტარისტები დიუკ ერიქსონი და სტივ მარკერი, მედოლე ბუტჩ ვიგი.
აშშ-ში პოპულარობას 1995 წელს მიაღწიეს, როდესაც პირველი ალბომი “Garbage” ჩაწერეს. ამ ნაშრომში შესული კომპოზიციები “Stupid Girls”, “Milk” და “Only Happy When It Rains” გამოსვლისთანავე ამერიკულ ჰიტ-პარადებში რამდენიმე კვირის განმავლობაში გალიდერდნენ.
ამავე პერიოდში ჯგუფმა ჩაწერა საუნდტრეკი გახმაურებული სურათისათვის “რომეო და ჯულიეტა”, ლეონარდო დი კაპრიოს მონაწილეობით.
დღეისათვის ჯგუფის აქტივში ოთხი სტუდიური ჩანაწერია. ამათგან უკანასკნელმა “Bleed Like Me” დღის სინათლე 2005 წელს იხილა.