დიდ ბრიტანეთში ბრიუს სპრინგსტინი გალიდერდა

დიდ ბრიტანეთში ბრიუს სპრინგსტინი გალიდერდა

გამოცემამ “Official Charts Company” წინა კვირის მუსიკალური ალბომების ბრიტანული ჰიტ-აღლუმი გამოაქვეყნა.

ამ ჩამონათვალში ცნობილი ამერიკელი მომღერალი ბრიუს სპრინგსტინის ბოლო სტუდიური ჩანაწერი “Wrecking Ball” გალიდერდა.

დისკი გაყიდვაში მიმდინარე წლის 5 მარტს გამოჩნდა. ის მუსიკოსის რიგით 17-ე ნამუშევარია. საინტერესოა, რომ ამერიკელი მუსიკოსი ბრიტანული რეიტინგების სათავეში კარიერის განმავლობაში მეცხრედ მოხვდა.

ჰიტ-აღლუმის მეორე საფეხურზე ჯგუფი “Military Wives”-ის ნამუშევარი “In My Dreams” გავიდა. “Military Wives” მოყვარული მუსიკოსებისაგან შემდგარ ჯგუფს წარმოადგენს. მისი წევრები ავღანეთში დისლოცირებული ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეები არიან.

მუსიკალური ალბომების ბრიტანული ჰიტ-აღლუმის მესამე საფეხური შოტლანდიელი მომღერალი ემელი სანდეს დისკმა “Our Version Of Events” დაიკავა.

სინგლების რეიტინგში ზედიზედ მესამე კვირაა პირველობას Gotye-ს კომპოზიცია “Somebody That I Used To Know” არავის უთმობს. ემელი სანდეს სიმღერა “Next To Me” მეორეა, ნიკი მინაჟის სინგლი “Starships” კი მესამე.