ბლუზი ეკლესიური მუსიკაა, რადგან ადამიანს როდესაც უჭირს, ხშირად ღმერთი მაშინ ახსენდება ხოლმე და ხან მდუმარედ, ხან კიდევ სიმღერით ლოცულობს, რაც მომავალში ჩიკაგური ბლუზის ლეგენდად წოდებულ მაკკინლი მორგენფილდს ათქმევინებს: „ბლუზი ჩემი რელიგიაა“.
იქამდე კი დიდი გზა ჰქონდა გასავლელი ადამიანს, რომელსაც “Muddy” (თხუპნია) ბებია მისის დელლამ შეარქვა, “Waters” როგორც ჩანს მისისიპის წყლებს აღნიშნავდა, სხვა რამ „ხელოვნური“ კი ამ მუსიკოსის შემოქმედებაში მტკაველიც არ ერია, რადგან მუსიკას იგი ბავშვობიდანვე ბამბის პლანტაციაში მუშაობისას ჰქმნიდა. კიდევ კარგი, რომ ერთ მშვენიერ დღეს პატარა მადიმ ჰარმონიკასთან მიმსგავსებული რაღაც უცნაური ნივთი იპოვა და ყოველივე მოგონილის მასზედ აწრუპუნებას შეუდგა. შინ გადაერივნენ და დაუმალეს… ორი თვის შემდეგ 13 წლის ბიჭუნამ კვლავ აღმოაჩინა დაკარგული ნივთი. იმ დროისათვის მას, ეკლესიაში ნასმენი უკვე გაცილებით მეტი ჰქონდა გონებაში დაგროვილი და გიტარაზე აწყობილი...
მეორე მსოფლიო ომამდელი ამერიკის ზანგი მოსახლეობა საშინელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მონობამდე მას ბევრი არაფერი უკლდა. სრულუფლებიან საზოგადოებაში დამკვიდრება შავკანიანი ადამიანისათვის პრაქტიკულად მხოლოდ მუსიკისა და სპორტის გზით იყო შესაძლებელი. უკვე ჩიკაგოში დასახლებულ მადი უოტერსს გაახსენდება, რომ ერთხანს მას ბეისბოლისტობაც სურდა, თუმც თითი დაიზიანა და დიდ სპორტს მაშინ დაემშვიდობა. მადი უოტერსი მეორე მსოფლიო ომსაც გადაურჩა, მხოლოდ სამი კლასის განათლების გამო...
მადის მშობლიურ ქალაქ კლარკსდეილში თავს იყრიდნენ უდიდესი ბლიუზმენები, რომელთაგან მასზე უდიდესი ზეგავლენა იქონიეს სლაიდ გიტარის საუკეთესო შემსრულებლებმა სან ჰაუსმა და ჯეიმს სმიტმა. მისისიპის დელტა ბლუზის დამაარსებლად წოდებული ჩარლი პატონის კონცერტებს კი ახალგაზრდა მადი უოტერსი ყოველდღიურად ესწრებოდა...
ერთხელაც, უკვე სლაიდ გიტარ ტექნიკის მფლობელსა და საკმაოდ დახელოვნებულ ჰარპისტ მადი უოტერსს, პირდაპირ ბამბის ველზე მიაკითხა, მისივე კათხიდან ლუდი დალია(!) და მანქანით შინ მიიყვანა, ამერიკელმა ფოლკლორისტმა ალან ლომაქსმა. აქვე ჩაწერა მან ახალგაზრდა ბლიუზმენის პირველი სიმღერა... მადი უოტერსი: „საბარგულიდან გადმოვიღეთ სხვადასხვა მოწყობილობები, ოთახში დავჯექი მიკროფონთან გიტარით ხელში. მერე მან დამიწება გააკეთა, მავთული ფანჯრიდან გარეთ გადაიტანა და... ალან ლომაქსი საკუთარ წიგნში „ადგილი, სადაც იშვა ბლუზი“, გაიხსენებს: „დატრიალდა ნემსი, რომელმაც სიმღერით Country Blues, წარუშლელი კვალი დატოვა ამერიკული მუსიკის ისტორიაში...“
ჩიკაგოში სოფლიდან ჩასულ მადი უოტერსს დიდი დახმარება გაუწიეს იქ დამკვიდრებულმა დიდმა ბლიუზმენებმა, რომელთაც პროფკავშირები კაფე–ბარებში დაკვრის უფლებას ანიჭებდა. მას აქ შესანიშნავი თანამოაზრენი – ბიგ ჯო უილიამსი, ლითლ უოლტერი, პაინტორ პერკინსი, ედი ბოიდი აღმოაჩნდნენ. დიდი როლი მადი უოტერსის ინსტრუმენტალისტად ჩამოყალიბებაში ვირტუოზმა ჰარპისტმა სანი ბოი უილიამსონმა შეასრულა. ეს უკანასკნელი ხშირად თვრებოდა და რიტმიდან ვარდებოდა ხოლმე... ამ დროს ჰარმონიკაზე უკვე მადი უოტერსი გადაერთვებოდა და ჯგუფში მის ადგილს იკავებდა. ერთხელაც სანი ბოი უილიამსონმა მაგიდაზე მუშტების ბრაგუნით სცენაზე დაბრუნება ითხოვა, მაგრამ პუბლიკამ შეძახილებით „მადი, მიდი!“, მადი უოტერსი გაამხნევა და ამ დღიდან მომავალში ჩიკაგოს ბლუზის მეფედ წოდებულმა მაკკინლი მორგენფილდმა სცენაზე უკვე სრულუფლებიანი სტატუსით დაიმკვიდრა ადგილი ვილი დიქსონის, ედი ბოიდის, ბლუ სმიტის, სანილენდ სლიმის დარი მუსიკოსების გვერდზე...
მადი უოტერსის მომავალ კარიერაზე განსაკუთრებით კეთილისმყოფელი გავლენა ამ უკანასკნელმა მოახდინა. პიანისტმა იგი 1947 წელს საკუთარ ბენდში გიტარისტად მიიწვია და ორ მისივე სიმღერაში ამღერა კიდეც.
მალე მადი უოტერსმა საკუთარი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელმაც თავიდანვე „შოუ წაართვა“ ბარში დამკვრელ ერთ–ერთ ბენდს და იქ კარგა ხნით დამკვიდრდა შემადგენლობით: მადი უოტერსი – გიტარა, ლითლ უოლტერი – ჰარმონიკა, ჯიმი როჯერსი მეორე გიტარა, ბეიბი ფეის ლეროი ფოსტერი – დრამი და ზოგჯერ გიტარაც... ამასთან ერთად ოთხივე შესანიშნავად მღეროდა.
ამის შემდეგ, მსოფლიო ბლუზური მუსიკის საგანძური ისეთ შედევრებს ეზიარა, როგორიცაა Long Distance Call, Honey Bee, Still a Fool. 1950 წელს შექმნილი Rollin' Stone კი კლასიკად რამდენი მიმართულებით იქცა, თავად განსაზღვრეთ…
მადი უოტერსის შემოქმედება განსაკუთრებით ჩამთრევი იყო და რაფინირებულობის ზღვარზე უაღრესად მოწესრიგებული… ბალანსს ძვალ–რბილში ბლიუზ გამჯდარი მუსიკოსები ადგენდნენ. მაგალითად 1953 წლიდან მადი უოტერსს პარტნიორობას საოცრად რბილი და სასიამოვნო მოსასმენი პიანისტი – ოტის სპენი უწევდა, ლითლ უოლტერი მალე ჯეიმს კოტონმა შეცვალა, ვილი დიქსონმა რეპერტუარში საკუთარი შედევრები, Just Make Love to Me, I'm Ready და I'm Your Hoochie Coochie Man ჩართო, ორი წლის შემდეგ კი თვით მადი უოტერსმა ამ უკანასკნელზე კიდევ ერთი ბლიუზური კლასიკა – Manish Boy ააგო. ამავე პერიოდში იქმნება Trouble No More,Forty Days & Forty Nights, Don't Go No Farther, She's Nineteen Years Old, Got My Mojo Working... რამდენი სახელწოდება იცანით? დიახ, ეს ის სიმღერებია, რომელთაც გამუდმებით შეასრულებენ, ზოგჯერ დაამახინჯებენ, ან ლამაზად გაათანამედროვებენ სხვადასხვა ბლუზ–როკ კოლექტივები... 1962 წელს მადი უოტერსის ჯგუფში დრამერმა კეისი ჯონსმა დაუკრა. აქ გამოჩნდა You Shook Me და You Need Love, Led Zeppelin–ს აგრერიგად რომ შეუყვარდა...
მომავალში მადი უოტერსი თეთრკანიან ბლიუზმენებთანაც მრავალგზის ითანამშრომლებს. ჯონი ვინტერი მის პროდიუსერად იქცევა და დიდი ჩიკაგოელი ბლიუზმენის გარდაცვალების შემდეგ დაარსებულ Muddy Waters Tribute Band–ში, ორი თეთრკანიანი მუსიკოსი დაუკრავს...
ბლუზური კარიერის თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში ჟღერადობის გარდაუვალი ელექტრიფიცირების მიუხედავად, დიდი მუსიკოსის საპატივცემულოდ უნდა ითქვას, რომ მას არასოდეს უღალატნია იმ პირველ საწყისისთვის, რითაც უმდიდრესია ბლუზი. ჩიკაგური ბლუზის მამა, სიცოცხლის ბოლომდე მისისიპის დელტა ბლუზის იმ აპოლოგეტად იქცა, რომელიც სლაიდ გიტარ ტექნიკას სადღაც, გულის სიღრმეში მაინც, აუცილებლად დამტვრეული ბოთლით დაკვრაში აღიქვამდა...