კანის 65-ე კინოფესტივალი ვეს ანდერსონის ფილმით, - „სავსე მთვარის სამეფო“ გაიხსნება. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: ედვარდ ნორტონი, ბრიუს უილისი, ბილ მიურეი, ტილდა სვინტონი და ჯეისონ შვარცმენი.
მოქმედება ამერიკაში 1960 წელს მიმდინარეობს. სიუჟეტის მიხედვით, შეყვარებული წყვილი სკაუტების ბანაკიდან გარბის. მათ მოსაძებნად ადგილობრივი შერიფი (ბრიუს უილისი) გაემართება, რომელსაც სკაუტების გუნდის ექსცენტრიული ლიდერი (ედვარდ ნორტონი) ეხმარება.
კანის კინოფესტივალი მიყოლებით უკვე მეშვიდედ იხსნება ინგლისურენოვანი ფილმით, ვეს ანდერსონისთვის პირველი შემთხვევაა, როცა ფესტივალს მისი ფილმი ხსნის. წინა წელს ფესტივალი ვუდი ალენის ფილმით „შუა ღამე პარიზში“ გაიხსნა, მას წინ უსწრებდნენ: რიდლი სკოტის „რობინ ჰუდი“, პიტ დოქტერის „Up“ ფერნანდო მეირელეს „სიბრმავე“, ვონ კარ ვაის „ჩემი კენკროვანი ღამეები და რონ ჰოვარდის „და ვინჩის კოდი.“
„ანდერსონი მგრძნობიარე და დამოუკიდებელი, ფელინის თაყვანისმცემელი ბრწყინვალე რეჟისორია, შეიძლება ითქვას ამერიკული კინოს ძალაუფლება. მის ბოლო ფილმში იგრძნობა შემოქმედებითი თავისუფლება, რაშიც რეჟისორი ისევ აგრძელებს განვითარებას,“ – აღნიშნავს ფესტივალის გენერალური დელეგატი ტერი ფრემო.
ფილმის თანაავტორია ფრენცის ფორდ კოპოლას ვაჟშვილი, რომან კოპოლა.
ფესტივალის ჟიურის ხელმძღვანელია იტალიელი რეჟისორი ნანი მორეტი. კანის კინოფესტივალი 16 მაისს დაიწყება და 11 დღე გაგრძელდება.
კანის კინოფესტივალის სახე ჰოლივუდის სექს-სიმბოლო მერილინ მონრო იქნება. მსახიობის ფოტო, რომელზეც პრეზიდენტის ტორტზე სანთელს აქრობს, ფესტივალის ამ წლის ოფიციალურ პოსტერს დაამშვენებს. ლეგენდარული ვარსკვლავის მიმართ ინტერესი გაიზარდა, რადგან წელს მონროს გარდაცვალებიდან 50 წელი შესრულდება. ასევე გამოვიდა საიმონ კერტისის ფილმი „7 დღე და ღამე მერილინთან“, რომელშიც მთავარი როლი მიშელ უილიამსმა შეასრულა.