გამოცემა “MJB Star”-ის მტკიცებით, სერ პოლი პარიზის რესტორანში “La Cuisine” ცნობილ ბრიტანელ კინომსახიობ რობერტ პატინსონს შეხვდა და ერთ პროექტში მონაწილეობის მიღება შესთავაზა.
გაგიკვირდებათ და პოლ მაკარტნი ანიმაციური სურათის პროდიუსერობას აპირებს. მისი სახელწოდებაა “მაღლა ტყეში” და მომღერლის მიერ დაწერილ ზღაპარს დაეფუძნება.
ამ მულტიპლიკაციური ფილმის მთავარი გმირი ციყვია. მისი სახელია უირელი და ფილმის მოქმედების განმავლობაში არაერთ განსაცდელში ვარდება. სურათის სიუჟეტის მიხედვით, პატარა არსება უცნობი კუნძული ანიმალიის მოსაძებნად გაემგზავრება და გზად არაერთ ფათერაკს გადაეყრება.
მაკარტნიმ რობერტ პატინსონს ამ ანიმაციური სურათის მთავარი გმირის გახმოვანება შესთავაზა. მსახიობმა სახელოვანი თანამემამულის წინადადება დიდი სიამოვნებით მიიღო.
ცნობილი გახდა რომ სურათს რეჟისორი რობერტ მინკოფი გადაიღებს, სცენარს კი კეროლინ ტომპსონი მოამზადებს. ჯერჯერობით უცნობია როდის დაიწყება ამ ნამუშევრის გადაღებები და როდის ვიხილავთ მას მსოფლიო კინოეკრანებზე.