დიტო გელოვანი: არც გაატრამპო, მიშა!

დიტო გელოვანი: არც გაატრამპო, მიშა!

მზე, წითელი მზე ამოვიდა და ზამთრის სქელი ღრუბლები ოქროს მაკრატლით სულ ნაკუწებად აქცია. მარტო ღრუბლებს კი არა, ყინვასა და ქარსაც შავი დღე აყარა. მერე მიწას დახედა და...

– ვაი, რას დამსგავსებია ჩემი ლამაზი დედამიწაო, – თქვა შეწუხებულმა.

აღარც ბალახი ბიბინებდა, აღარც ყვავილები და ჩიტები ჩანდნენ. ნაკადულები და მდინარეები გარინდებულიყვნენ. გეგონებოდათ, უზარმაზარ ლოკოკინებს გაუვლიათ და ზედ ბრჭყვიალა, ვერცხლისფერი ხაზები დაუტოვებიათო.

მზეს არ დაუხანებია, სხივებით მაშინვე მიწაში ჩაძვრა, ჯერ ენძელები ამოსხა, მერე სხვა ყვავილები ამოაყოლა და ბალახიც ამოაბიბინა. მერე ხეებს ესროლა სხივები და ფოთლები კვირტებად ამობურცა.

– შეჩერდით, ჯერ არ დამთბარა, ნიავმა არ დაგკრათ! – შეეშინდათ დედა ხეებს.

მაგრამ ვინ დაუჯერა დედას?

(მერი ბოლქვაძე, „მზე“ – საკითხავი ლიტერატურა მეორეკლასელთათვის. შეადგინა ნათელა მაღლაკელიძემ)

 

მიშამ დაუჯერა დედას – არ ჭამს, არ სვამს, არ ეწევა, არ იკეთებს, ქალებში არ დადის. ყლორტი იყო და ყლორტად დარჩა, გაივლის და – გეგონება, უზარმაზარმა ლოკოკინამ გაიარაო. აკი, თვით დონალდ ტრამპმაც კი თქვა – „თქვენ გყავთ არაჩვეულებრივი პრეზიდენტი, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს მისი მიღწევების გამო“–ო.

 

ო–ო... მაგრამ, მანამდე ა–ა, რადგან...

 

„ტრამპის ბათუმური ვოიაჟის ფონზე აჭარის დედაქალაქში მდებარე სასტუმრო „რედისონში“ უსიამოვნო შემთხვევა მოხდა. როგორც გაირკვა ამერიკელი მილიარდერის ვიზიტისას „რედისონ ბლუში“ მოიშალა ფეკალური მასების სატუმბი და აირწინაღიანი პირები ნიღბებით ასრულებდნენ ამ საქმეს. ამის შესახებ Presage.tv-ს სულიკო ჟღენტის ქუჩის მოსახლოებამ აცნობა. უსიამოვნო ფაქტის თვითმხილველები სწორედ ადგილობრივები გახდნენ. „სპეციალური საკანალიზაციო მანქანის მოყვანაზე კი არავინ იზრუნა და პარკებს პირდაპირ ეზოში ისროდნენ. ეს ყველაფერი ღამის 2 საათისთვის ხდებოდა. ძალიან ჩქარობდნენ, რადგან მაგენი ტრამპს და სააკაშვილს ელოდებოდნენ. დაცვის წევრებიც იყვნენ იქ. ყვირილი და  ჩოჩქოლი ავტეხეთ. ნიღბებიანები იდგნენ გამსკდარი პარკებით... მართალია დაცვის იმ წევრებს, ვისაც ფეკალურ მასები პლასტიკატის პარკებით გადაჰქონდათ, ამის გაკეთება უფროსობამ უბრძანა, მაგრამ მაგენსაც ხომ უნდა ეფიქრათ, რას აკეთებდნენ“, - ყვება ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრი ქალბატონი“.

 

„მაიკლ კოენი და გიორგი რამიშვილი – ჩვენ ორი დიდი პარტნიორი გვყავს, რომელიც ფანტასტიურ სამუშაოს ასრულებენ. მე მიყვარს საქართველო და პატივ ვცემ ამ ქვეყანას. ეს ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილია მსოფლიოში“ – უთქვამს დონალდს პედროსთვის მას შემდეგ, რაც ბათუმის „რედისონის“ წინ გაიარ–გამოიარა.

 

აბა, „რედისონის“ უკან გაევლო! იტყოდა: „აირწინაღიანმა ბიჭებმა ფანტასტიური სამუშაო შეასრულეს. მე პატივს ვცემ ამ ქვეყანას, სადაც ასეთ სიმყრალეს იტანენ“.

 

რავი... ვიტანთ? მგონი – ვერა და, ამიტომ დროა, ერთი ფანტასტიური სამუშაო უაირწინაღო ბიჭებმაც შევასრულოთ, თორემ სიმყრალის მაგალითებმა ერთობ იმატა, როგორც, მაგალითად, გასულ კვირაში, როცა სააკაშვილმა თქვა „წინა მთავრობების მინისტრები და ერთი ადგილის მწმენდები ახლა ისტერიულად ცდილობენ ხელისუფლებაში უკან მოსვლას“–ო.

 

რომელი „წინა მთავრობის“ მინისტრებს გულისხმობდა – თავგატეხილი გეგა მგალობლიშვილის მთავრობის მინისტრებს, თავგასიებული ლადო გურგენიძის მინისტრებს თუ იმ მთავრობის მინისტრებს, რომელსაც სათავეში დაღლილი ვირი ედგა?

 

არც ერთს, არც მეორეს და არც მესამეს! სააკაშვილი შევარდნაძის მთავრობას გულისხმობდა და იმ მთავრობაში, თუ ღვარძლიანი მეხსიერება არ მღალატობს, იუსტიციის სამინისტროს ერთი დაშნაკჩოყლაყი ედგა სათავეში და „კარგად ჩატარებული არჩევნების გამო“ კახა თარგამაძისთვის გადახდილ მადლობასაც თუ გავიხსენებთ, არ მგონია, რომ ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, თუ ვის გულისხმობდა ჩეკა–თემურას დისწული „ერთი ადგილის მწმენდებში“.

 

ჰოდა, უკან მოსვლას ცდილობენო, ახლა რომ ამბობს, თვითონ სად არის? სწორედ რომ, თვითონ არის უკან, ანუ თავი არის უკან და იძულებულები ვართ ვაღიაროთ, რომ ამ ქვეყნის თავი ამ ქვეყნისავე უკანალში იმყოფება.

 

ჰაი, ჰაი, რომ... ვაგლახ...

 

ტრამპის ჩამოსვლა იყო „ო–ო“, მაგრამ სააკაშვილის ნამოქმედარს „ა–ა“–ს გარდა სხვას ვერაფერს დავარქმევთ. ასეა: ისტორიაში ზოგი „ო–ო“–დ შედის, ზოგი – „ა–ა“–დ. ქლიბებზე აღარაფერს ვამბობ, თუმცა... თუმცა, რატომაც არა? გასული კვირა ხომ დავით ბაქრაძის აქტიურობით აღინიშნა! ბაქრაძე იყო იქ, ბაქრაძე იყო აქ და ბაქრაძეს ფანები ეხვივნენ აქაც, იქაც და იმაზეც.

 

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამართულ „პარლამენტის თავმჯდომარის ვირტუალურ არჩევნებში“ გამარჯვებულებს ხვალ შეხვდება. ვირტუალურ არჩევნებში, რომელიც 45 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, დიმიტრი ზაქარაიძემ გაიმარჯვა. ის ხვალ მთელ დღეს პარლამენტში გაატარებს, სადაც დაესწრება ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ევროპის რეგიონის თავმჯდომარეების კონფერენციას, პარლამენტის ბიუროს სხდომას და ა.შ. პარლამენტის თავჯდომარის ვირტუალური არჩევნები Facebook-ში მეორედ გაიმართა. პირველმა გამარჯვებულმაც ანალოგიურად ერთი სამუშაო დღე პარლამენტის თავმჯდომარესთან გაატარა. წინა არჩევნებისგან განსხვავებით, უკანასკნელ ვირტუალურ არჩევნებში 4 ვიცე-სპიკერიც გამოვლინდა“ – გვატყობინებდა მოძმე სააგენტო.

 

როგორც ხედავთ პროგრესი სახეზეა – წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად, ერთ სირთან ერთად ოთხი სირმანჯოც გამოვლინდა და თუ ის პირველი მხოლოდ ბაქრაძესთან განმარტოებით დატკბა, ამან, მეორემ, ბაქრაძეც შეიტკბო და მისი რამდენიმე ათეული ქვემდებარე სირაკოზ–განძაკელიც (ვახ, ნეტა სარკოზი რასა იქმს?).

 

ისე როგორ იქნებოდა, რომ ქლიბთა ბელადს თავისი ფანებისთვის სუფრა არ გაეშალა და მათთან ერთად ერთი ჭიქა არ აეწია? წარმომიდგენია – ალბათ, სულ ვახტანგურებით სვეს ხახუნის ძალის სადღეგრძელო.

 

იქ იყო მეთქი – ქართული ყველის ფესტივალს ვგულისხმობდი, წინანდალში რომ გაიმართა. ბაქრაძე იქ იყო და, თქვენ წარმოიდგინეთ, თავი საკმაოდ ღირსეულად ეჭირა. თავიდან, გამიკვირდა, მეთქი, სად – ბაქრაძე და სად – ღირსება, მაგრამ შემდეგ მივხვდი – ბაქრაძეს თავი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ანუ სირების ფესტივალზე ეგონა.

 

აღსანიშნავია, რომ ქართული ყველის ფესტივალზე დანა–ჩანგლით მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე იყო აღჭურვილი. ალბათ, მიხვდით, რატომაც – ჩანგლებისა და კოვზების მთელი სტრატეგიული მარაგი თავდაცვის სამინისტროს საცავებში ინახება. ყველი ჯანდაბას, აი მალე ხაშისა და ჩიხირთმის ფესტივალი რომ გაიმართება და კოვზი მარტო ბაქრაძეს რომ ექნება, მაშინ ნახეთ დამსწრე საზოგადოების გულისწყრომა! „რას მიირთმევ მაგ დიდი კოვზით, თუ იცი?“– შანსი არ არის ვინმე არ მივიდეს და არ ჰკითხოს.

 

თუ იცით, სად იმყოფებოდა გასულკვირაში მიხეილ სააკაშვილი? გეცოდინებათ, მაგრამ შეგახსენებთ – ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში, სადაც ლელობურთში შეჯიბრი გაიმართა. შემდეგ, ნიუსის სახით: „92 წლის თინა იმნაიშვილს, რომელიც 40 წლის განმავლობაში შეჯიბრში პირადად მონაწილეობდა, პრეზიდენტი ლელობურთის ტრადიციებსა და ლანჩხუთის განვითარების გეგმებზე ესაუბრა“.

 

მოკლედ, ჩავა მიშა სადმე და მაშინვე ყურადღების ცენტრში ექცევა, 22–92 წლის მანდილოსნები თვალს ვერ წყვეტენ და იცით, რას გეტყვით? მოვკრიბოთ მიშას პაეზდკები, გამოვცეთ წიგნად და ყდაზე დავაწეროთ „კვერცხის ფესტივალი საქართველოში 2003–2012წწ“ და ამ წიგნში აუცილებლად უნდა შევიტანოთ ის, რომ საქართველოს პარლამენტში, მაკედონიის, ბოსნია-ჰერცოგოვინას და ალბანეთის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფები იქმნება. მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს გიგი წერეთელი უხელმძღვანელებს, ბოსნია-ჰერცოგოვინას პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს ირაკლი ქავთარაძე, ხოლო ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს - გიორგი კანდელაკი.

 

შევცდი – კრებულს „კვერცხების ფესტივალი“ უნდა დავარქვათ.

 

„კრებული გამოიცა გურამ დონაძის პატრონაჟით, კორექტორი ივიკო სეხნიაშვილი, წინასიტყვაობა თამთა ბერიაშვილისა“ – აღნიშნული იქნება პირველ გვერდზე. თამთა ბერიაშვილი არის „გეი–ტივი“–ს პოლიტოლგი, ზბიგნევ ბჟეზინსკის პონტში.

 

გასული კვირიდან მოყოლებული, ზაზა გოროზია ზეთისხილის პონტში გადის – შავია და სველი. გასულ კვირაში ზაზა გოროზიამ წნორის რაიონში ზეთისხილის პლანტაციები დაათვალიერა და გაუკვირდა, როდესაც აღმოაჩინა რომ უკურკო ზეთისხილი მხოლოდ ქილებშია და რომ ქილებს ხე არ ისხავს, თუ, რა თქმა უნდა, ხე ჰიბრიდული არ არის.

 

ხე არც ქალებს ისხავს. ამქვეყნად ეგრეა – ეს ყველამ ვიცით, ერთის გარდა. ის ერთიც დიდ ეჭვებშია, მაგრამ იმ დღეს იმ ერთს მახათას მთაზე რომ ვუყურებდი, მომეჩვენა, რომ ამქვეყნისა არ იყო და იყო იმ ქვეყანაში, სადაც ერთ ხეზე შარლიზ ტერონებია გამობმული, მეორე ხეზე – ანჯელინა ჯოლები, მესამე ხე ნამყენია, ერთ ტოტზე ალანა გაგლოევა კიდია, მეორეზე – სოფო ნიჟარაძე და ყოველი ხის ძირში ძუძუსთავები ბლის კურკებივით ყრია.

 

მომეჩვენა, რომ „ის ერთი“ ასეთ „იმქვეყნად“ იყო და ავადმყოფურ წარმოდგენებში ხიდან ხეზე დაძვრებოდა, იძრომიალა, იძრომიალა, დაიღალა, ჩამოვარდა და პირდაპირ კუპრის ქვაბში მოადინა ტყაპანი – ტყაპ!!!

 

დონალდ ტყაპი... და პედრო ალმოდოვარის საყვარელი მსახიობი, მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ჩეკების გათამაშებას „რევოლუციური“ უწოდა. „გუშინწინ შემოვიდა ლატარია გადასახადებზე. რევოლუცია მოხდა. ბოლო სამი დღეა, ხდება საქართველოში რევოლუცია. ყველა ითხოვს ჩეკებს ყველგან. ადრე ხომ სირცხვილი იყო, როგორ შეიძლებოდა ქართველს ქართველისთვის ჩეკი მოეთხოვა. შეიცვალა დრო“ – გახარებული იყო გიულის ბიჭი.

 

ოე, ბჯოოო... ჩეკებს ხეები არ ისხავს. ჩეკი რომ მოგცენ – უნდა იყიდო, რომ იყიდო – ფული უნდა გქონდეს, ფული რომ გქონდეს – უნდა მუშაობდე. ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს. თუმცა, არსებობენ გამონაკლისებიც – დავით ბაქრაძე და მისი დიდი კოვზი გავიხსენოთ.

 

ანუ, დასაქმება... პრობლემათა პრობლემა, საკითხთა საკითხი, საფიქრალთა საფიქრალი!!! და, ნიუსი:

 

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ „კარდაკარის კამპანიის“ ფარგლებში საქართველოს ყველა ოჯახში ახალი პროგრამით: „დასაქმებული საქართველო“ მივა. როგორც დღეს, პარტიის გაფართოებული მთავარი კომიტეტის შეკრების დასრულების შემდეგ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ ჩახვაძემ განაცხადა, უმუშევრობა არის ყველას ოჯახის პრობლემა. „ჩვენ უნდა შევქმნათ დასაქმების სააგენტო, რომელშიც ოჯახის უმუშევარი წევრი მივა და დარეგისტრირდება, რის შემდეგაც გარკვეულ შემწეობას მიიღებს, ამ პერიოდში სააგენტო ეხმარება მას მოძებნოს სამუშაო ადგილი, თუ ახალი პროფესიაა საჭირო, უფასოდ ეხმარება გადამზადებაში. იმ შემთხვევაში, თუ ამ პიროვნებას, უნდა, რომ მცირე ბიზნესში დასაქმდეს, სააგენტო გრანტს აძლევს და უმუშევარს შეუძლია მცირე ბიზნეს მიჰყოს ხელი“, - აღნიშნა ჩახვაძემ“. 

 

ამაზე იტყვიან – ტყემ მოისხა პერაშკიო. ჩახვაძის ქართულის მასწავლებელს რა ვუთხარი... ლოგოპედთან რომ ევლო, ასეთი კაზუსი არ მოხდებოდა. რა კაზუსიო – იკითხავთ თქვენ და გიპასუხებთ მე: „ძვირფასო მკითხველო და პატივცემულო მეგობარო! შეეშალა ჩახვაძეს, ჯენტლმენებო – „ჩასაქმებული საქართველო“ უნდა ეთქვა, ან, უფრო სწორად – „შარვალში ჩასაქმებული საქართველო“.

 

ჩახვაძის იმ ცნობილი ჩასაქმების შემდეგ ის ტელევიზორი გადავაგდე, სუნი უდიოდა. სხვა ტელევიზორი ვიყიდე და ახლა ამ ტელევიზორის გადაგდებასაც ვაპირებ – გიორგი თრგამაძემ რაღაც თქვა და ჩემს „სასმსუნგს“ ეგრევე მძორის სუნი აუვიდა. რა თქვა? რა და – „ქრისტიან-დემოკრატებს ფაქტობრივად უკვე მზად გვაქვს საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უკავშირდება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას და საზოგადოებაში ისტორიულად მიღებული ზნეობრივი ნორმების, ტრადიციული ოჯახის პატივისცემას და იმის მცდელობას, რომ თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში, თავისუფლება ზნეობრიობასთან კონფლიქტში არ მოდიოდეს“.

 

ეს რომ სხვას ეთქვა... წესიერ სხვას, მაშინ სხვა იქნებოდა...

 

ტელევიზორი უნდა გადავაგდო – გადაწყვეტილი ამბავია. ვაღიარებ, ძალიან გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება. მინდა გითხრათ, რომ გიორგი თარგამაძემ ბადრი პატარკაციშვილის გადაგდების გადაწყვეტილება გაცილებით იოლად და გაცილებით სწრაფად მიიღო.

 

გასულ კვირაში მიხეილ მაჭავარიანმა სწრაფად, იაფად და ხარისხიანად გახსნა კონფერენცია – „ეთიკის კოდექსი და სტანდარტები პარლამენტის წევრებისთვის“. კობა ხაბაზი, ეკა ხერხეულიძე, ნუგზარ წიკლაური, ხათუნა ოჩიაური და სხვები ერთმანეთს ეკითხებოდნენ და მერე მაჭავარიანსაც კითხეს – ეთიკა რა არისო. მაჭავარიანმა უთხრა, ეგ რომ ვიცოდე, აქ კი არ ვიქნებოდიო. მაშ, სად იქნებოდიო?

 

იქნებოდა სადმე ლაბორატორიაში, ყაყაჩოს კანაფზე დაამყნობდა და არ იქნებოდა ისე, როგორც ახლაა – საქართველო რუსეთზე რომ დაამყნეს.

 

მაგათ დავამყნობთ ოქტომბერში!!! ოქტომბრამდე კი, ის დროა ატარებდნენ კონფერენციას „სისხლის სამართლის კოდექსი და პენიტენციალური სტანდარტები პარლამენტარებისთვის“.

 

ასე უფრო სწორი იქნებოდა.

 

სწორი ის იქნება, თუ დაგემშვიდობებით და ერთად დაველოდებით 30 აპრილს.

 

„ხელისუფლებას სოფელ ალმატის აღმნიშვნელი აბრის დასაყენებლად 10 დღიან ვადას აძლევს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ახალი მემარჯვენეებიდან“ აცნობეს, ამის შესახებ პარტიის ლიდერმა სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აბრას თავად დაამზადებინებენ და სოფელს საჩუქრად გადასცემენ“.

 

კეთილ ხალხს რა დალევს! ვნახოთ, რა მოხდება 30 აპრილს. ვნახოთ, ვინ დაამზადებს აბრას!

მალე იქნება „ალმატი“.

 

და, ალბათ, ალმატის „კაირატიც“ მალე იქნება.

 

ბ.ი.ჩ. (ბუჰ – იფეთქა ჩახვაძემ) – ბუჰ – იფეთქეს კვირტებმა და ფოთლებად და ყვავილებად იქცნენ.

ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა ხაზებიც შეტოკდნენ, აჩქაფუნდნენ და ტალღები აათამაშეს.

ჩიტები?

რა თქმა უნდა, ჩიტებიც მოფრინდნენ.

(მერი ბოლქვაძე, „მზე“ – საკითხავი ლიტერატურა მეორეკლასელთათვის. შეადგინა ნათელა მაღლაკელიძემ)