დავით უსუფაშვილი - ბიძინა ივანიშვილს სურვილი ჰქონდა, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე გავმხდარიყავი

დავით უსუფაშვილი - ბიძინა ივანიშვილს სურვილი ჰქონდა, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე გავმხდარიყავი

როგორც ჩანს, ეს ივანიშვილის უკვე მეორე მცდელობაა, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს და განმარტავს, რომ აღნიშნული მცდელობა განსაკუთრებით თვალში საცემი გიორგი კვირკაშვილის პრემიერად არჩევის შემდეგ გახდა. 

მისივე შეფასებით, კვირიკაშვილის პრემიერად არჩევის შემდეგ, პოლიტიკურ პროცესებზე ივანიშვილის როლი მინიმალურზე მინიმალურია. 

”როგორც ჩანს, ეს ივანიშვილის უკვე მეორე მცდელობაა, რომ პოლიტიკიდან საბოლოოდ წავიდეს. ეს ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა. ფაქტია, როდესაც თავის დროზე პოლიტიკიდან წავიდა, გარემოებებმა ამის საშუალება ბოლომდე არ მისცა - ის საჯარო განცხადებებს აკეთებდა და პოზიციებსაც აფიქსირებდა. არ უნდა შეიქმნას ქვეყანაში კრიზისი, რომ ივანიშვილს კვლავ პოლიტიკაში დაბრუნებამ მოუწიოს, ეს პოლიტიკური პროცესისთვის დამანგრეველი იქნება. კითხვაზე, წავიდა თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან, ერთადერთი ეფექტური პასუხი დემოკრატიულად აწყობილი პარტია ”ქართული ოცნება” იქნება. საზოგადოებას უნდა ჰქოდეს განცდა, რომ პარტიაში გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიმღები ლიდერები არიან, რომლებიც წარმატებასაც და წარუმატებლობასაც ერთნაირად უმკლავდებიან. ეს ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ვერ მოეხერხა, რაც მათთვისვე გახდა დიდი პრობლემა და ცუდი იქნება, თუ ”ქართული ოცნებაც” ვერ მოახერხებს”, - აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

პარლამენტის სპიკერის განმარტებით, ”ქართულმა ოცნებამ” უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მართლა წავიდა. 

”ბიძინა ივანიშვილი არაორდინალური ფიგურაა. მას ხშირად მოვლენების განვითარება ისე წარმოუდგენია, როგორზეც ჩვენ ვერც კი ვიფიქრებდით. მაგალითად, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილის არჩევნების გზით შეცვლა შესაძლებელი იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ეს მიზანი დაისახა და მიაღწია კიდეც. ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა სურვილი, რომ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე გავმხდარიყავი, მაგრამ თავადვე მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. ასე არ ხდება, ეს ის შემთხვევა არ არის, როდესაც მაგალითად ”მერსედეს ბენცის” მენეჯერი რამდენიმე წელიწადში შესაძლოა ”ეფლის” დირექტორი გახდეს”, - აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარე.