გიორგი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა

გიორგი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა

11-12 აპრილს საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ეწვევა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში (AIM 2016) და სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე: Global Leaders Debate.

პრემიერ-მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს საქართველოში არსებულ დადებით საინვესტიციო კლიმატზე, ჯანსაღ და პოზიტიურ ბიზნესგარემოზე, ქვეყნის სავაჭრო-ეკონიმიკურ პოტენციალზე.

ფორუმის მონაწილეები გიორგი კვირიკაშვილისგან მოისმენენ, რა როლი უკავია საქართველოს ,,ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში. პრემიერი ასევე ისაუბრებს იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში გაატარებს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტთან, დუბაის მმართველ შეიხთან, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან და აბუ დაბის ტახტის მემკვიდრესთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან.

გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება საინვესტიციო ფორუმში მონაწილე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.