მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის მიმდებარედ 2000 ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგო

მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის მიმდებარედ 2000 ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგო

მახათას მთაზე, ქალაქის შემოგარენის გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, 2000 ფოთლოვანი ხე-მცენარე დაირგო. გამწვანების აქციაში  თბილისის მერი დავით ნარმანია მერიისა და გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთო. აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის  სტუდენტებმა,  ასევე, რადიო „ფორტუნას“ თანამშრომლებმა.

„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამწვანების აქცია გვაქვს, ვინაიდან, სტუდენტები, ჩვენი მომავალი თაობაა ჩართული ამ ყველაფერში, რათა საკუთარი, უფრო კარგი მომავალი და უფრო კარგი გარემო შექმნან. ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ეს ყველაფერი. დღეს ირგვება იფანი, ალვისა და თუთის ხეები, კომპაქტურად ამ ადგილას, რომელიც მომავალი განვითარების და განაშენიანების თვალსაზრისით, საკმაოდ, საინტერესო ტერიტორიაა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დარგული ხეების შემდგომ მოვლა პატრონობაზე იზრუნებს მერიის გამწვანების სამსახური. გარდა გამწვანების ღონისძიებისა, აქ, ამ ტერიტორიაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი გზა კეთდება, ეს არის სამება-მახათას დამაკავშირებელი გზა და შესაბამისად, ეს ტერიტორია ვითარდება ბევრი თვალსაზრისით,“- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

მახათას მთაზე, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიის გასამწვანებლად იფანი, ალვის ხე და  დეკორატიული თუთის ჯიშის ხე-მცენარეები   სპეციალისტების რეკომენდაციებით შეირჩა. აღნიშნულ ტერიტორიაზე,  ტყე-პარკის გაშენების მიზნით,   30 000 ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობების ხე-მცენარე გამწვანების საგაზაფხულო სეზონის დასრულებამდე დაირგვება.

აღსანიშნავია, რომ რგვები, დედაქალაქის მასშტაბით, სამი ძირითადი მიმართულებით, ქალაქის შემოგარენში ტყე-პარკების აღდგენა-გაშენების,   ცენტრალური ქუჩების და პარკ-სკვერების გამწვანებისა და, ასევე,  სხვადასხვა რაიონში ქარსაფარი ზოლების მოწყობის მიზნით ტარდება.

საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებები  მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და აღნიშნულ პერიოდში ჯამში 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე  დაირგვება.

მცენარეების დარგვის შემდეგ, მათ მოვლა-პატრონობას  კონტრაქტორი კომპანიები  უზრუნველყოფენ. 2016 წელს, თბილისის მასშტაბით, დაგეგმილია სულ 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.